პარლამენტში მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის განხილვა მიმდინარეობს

11 ნოე 2026

პარლამენტში მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის განხილვა მიმდინარეობს. ბიუჯეტის პირველად ვერსიაში რეკომენდაციების შედეგად განხორციელებული ცვლილებები, დეპუტატებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე,  საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

დოკუმენტის თანახმად, 2027 წლის  ბიუჯეტი  32 მილიარდ 713 მილიონ ლარს შეადგენს , რაც  მილიარდ ცხრაასი მილიონით არის გაზრდილი  მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით. გაზრდილია დაფინანსება სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით.

იზრდება პენსიები, ხელფასები საჯარო სექტორში, დამატებითი თანხაა გათვალისწინებული ჯანდაცვისა და განათლების პროგრამებისთვის. უფრო კონკრეტულად კი, მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები მილიარდ ლარზე მეტით არის გაზრდილი, 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 60 ლარით იზრდება და  555 ლარის ოდენობით განისაზღვრება. 70 წლამდე ბენეფიციარებისთვის, პენსია 45 ლარით უნდა გაიზარდოს და 415 ლარს შეადგენს. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის  20%-იანი დანამატებია გათვალისწინებული.

ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 243 მილიონ ლარამდე, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასების ზრდა. 

განათლების ხარჯები გაზრდილია 450 მილიონ ლარით და გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებლების, მათი ადმინისტრაციული პერსონალისა და საბავშვო ბაღების ხელფასების ზრდა. 

ასევე, გათვალისწინებულია სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების დაფინანსება. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გამოყოფილია 230 მილიონი ლარი.

პოლიციის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით დაგეგმილი კაპიტალური ხარჯები 882 მილიონ ლარს შეადგენს. 

ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას პარლამენტი დეკემბერში მიიღებს.