Skillwill ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების სადიპლომო პროფესიულ პროგრამას MIT Open Learning-ის Universal AI-ით აფართოებს

11 ნოე 2026

Skillwill ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების (AI Tools) პროფესიულ სადიპლომო პროგრამაში ხელოვნური ინტელექტის შესწავლის შესაძლებლობებს აფართოებს. პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავდა.

ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების სადიპლომო პროგრამა უკვე მოიცავს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) Open Learning-ის Universal AI პროგრამის სასწავლო მასალას. ამით Skillwill-ის სტუდენტებს წვდომა ეძლევათ MIT-ის პროფესორებისა და ექსპერტების მიერ შექმნილ საგანმანათლებლო რესურსებზე. Universal AI-ს ისინი ონლაინ, პროფესიულ სადიპლომო პროგრამაზე სწავლის პარალელურად გაივლიან. მისი გავლა AI Tools პროგრამის ყველა სტუდენტისთვის სავალდებულოა.

სტუდენტებისთვის Universal AI-ის შეთავაზება Skillwill-ის უფრო ფართო მიზნის ნაწილია - მოამზადოს სტუდენტები შრომის ბაზრისთვის, სადაც ხელოვნური ინტელექტის უნარები სხვადასხვა პროფესიასა და ინდუსტრიაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. Skillwill-ის მიერ შექმნილი AI Tools საქართველოში დამტკიცებული ამ ტიპის პირველი პროფესიული სადიპლომო პროგრამაა. ეს ნაბიჯი ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებზე მზარდი მოთხოვნის ფონზე გადაიდგა. პრაქტიკულ, სამუშაოსთვის საჭირო უნარებზე ორიენტირებული პროფესიული განათლება კი საქართველოში ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირი გზაა.

Universal AI კომპლექსური სასწავლო პროგრამაა, რომელიც მონაწილეებს ეხმარება გაიგონ, როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი და როგორ შეიძლება მისი რეალურ გარემოში გამოყენება. სასწავლო გეგმა აერთიანებს ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს, პრაქტიკულ გამოყენებასა და სხვადასხვა ინდუსტრიისთვის შესაბამის მიდგომებს. პროგრამა ფართო აუდიტორიისთვისაა შექმნილი, მათ შორის მათთვისაც, ვისაც სიღრმისეული ტექნიკური ცოდნა არ აქვს.

Universal AI ავსებს Skillwill-ის AI Tools პროფესიული პროგრამის სასწავლო გეგმას და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, არჩეული პროფესიისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებთან ერთად ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით დამატებითი ცოდნაც მიიღონ.

AI Tools პროგრამა სტუდენტებს ნულიდან ამზადებს ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებად. სწავლება მოიცავს AI მოდელებსა და სერვისებს, Python-ს, ავტომატიზებულ და AI აგენტებზე დაფუძნებულ სამუშაო პროცესებს, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებას და სრულდება AI პროექტით, რომელიც მუშაობის სრულ ციკლს მოიცავს. კურსდამთავრებულები იღებენ ხელოვნური ინტელექტის დეველოპმენტში პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს და მზად არიან საჯარო და კერძო ორგანიზაციებში, მომსახურების სფეროს კომპანიებსა და სტარტაპებში სამუშაოდ.

„ხელოვნური ინტელექტი უკვე გასცდა მხოლოდ ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტების საქმიანობას - ის სწრაფად იქცევა აუცილებელ ინსტრუმენტად სხვადასხვა ინდუსტრიასა და პროფესიაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ Skillwill-ის კურსდამთავრებულები იყვნენ AI სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ცოდნა და თავდაჯერება ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანად და პასუხისმგებლიანად გამოსაყენებლად. MIT Open Learning-ის Universal AI-ის მეშვეობით ჩვენს სტუდენტებს ვუქმნით დამატებით შესაძლებლობას, ისწავლონ მაღალი ხარისხის საერთაშორისო საგანმანათლებლო რესურსებით და განივითარონ უნარები, რომლებიც სულ უფრო მეტად ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებულ შრომის ბაზარზე დასჭირდებათ“, - აცხადებს Skillwill-ის დამფუძნებელი გიორგი მარიამიძე.

MIT Open Learning-ის Universal Learning-ის უფროსი დირექტორი მეგან მიტჩელი აღნიშნავს:

„Universal AI სტუდენტებს სთავაზობს ხელოვნური ინტელექტის უნარების განვითარების კომპლექსურ და ამავე დროს მარტივად გასაგებ გზას - საფუძვლების შესწავლიდან კონკრეტულ ინდუსტრიებში გამოყენებამდე. ამ თანამშრომლობით ამ შესაძლებლობას ვთავაზობთ Skillwill-ის სტუდენტებს მთელი საქართველოს მასშტაბით და ვეხმარებით ხელოვნური ინტელექტის იმ ცოდნისა და გამოყენების უნარების განვითარებაში, რომლებსაც მათი კარიერა მოითხოვს“.

Skillwill-ის მიზანია, პროფესიული განათლება საერთაშორისო დონეზე შექმნილ ხელოვნური ინტელექტის სასწავლო შესაძლებლობებს დაუკავშიროს და სტუდენტებს დამატებითი ინსტრუმენტები მისცეს ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ადაპტაციისა და მომავალ კარიერაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის.

Skillwill-ის AI Tools პროგრამაზე სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო. სტუდენტებისთვის Universal AI-ც სრული დაფინანსებით არის ხელმისაწვდომი. ამ შესაძლებლობით სარგებლობისთვის მსურველები AI Tools პროგრამაზე უნდა ჩაირიცხონ.