10 ნოე 2026
ქალთა ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატი, შემდეგ უქმეებზე მესამე და მეოთხე ტურის შეხვედრებით განახლდება. მოახლოებული მატჩებისთვის ინტენსიურ მზადებას აგრძელებს ბათუმის "შავი ზღვის გოგონები“.
ბათუმელები მესამე ტურში მოქმედ ჩემპიონ "ოლიმპია-აკადემიას“ დაუპირისპირდებიან, მეოთხე ტურში კი მათი მეტოქე თბილისის "ფსოუ“ იქნება.
რაც შეეხება განვლილ ორ ტურს, ზღვისპირელებმა სეზონი წარმატებით დაიწყეს და პირველ შეხვედრაში „მართვე“ 40:29 დაამარცხეს. თუმცა მეორე ტურში წარმატებული სტარტის გაგრძელება ვერ შეძლეს და „ოქროს ვერძთან“ დაპირისპირება 25:33 დათმეს. მომდევნო ორი შეხვედრის წინ გუნდში საბრძოლო განწყობაა და ბათუმელები მიზნად გამარჯვების გზაზე დაბრუნებას ისახავენ.
ახალ დატვირთულ სეზონს, ბათუმი განახლებული შემადგენლობით შეხვდა. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კლუბს სამი ახალი ხელბურთელი შეუერთდა. გუნდს ყვარელიდან მარიამ სმოიანი, ანა სურამლიშვილი და მარიამ თავღორაშვილი დაემატნენ. გარდა ამისა, სამწვრთნელო შტაბმა ასაკობრივი გუნდიდან პირველ გუნდში პერსპექტიული ლიზი ლაზიშვილიც დააწინაურა. შევსებასთან ერთად, ახალი სეზონის წინ, ზღვისპირელთა რიგები თამარ ჩაჩუამ დატოვა.
გასული წლების მსგავსად, ქალ ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატი ექვსი გუნდის მონაწილეობით, ორ წრედ ჩატარდება. რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ საუკეთესო ოთხი გუნდი ნახევარფინალში გადაინაცვლებს, მეხუთე და მეექვსე ადგილებზე გასული გუნდები კი ადგილის შენარჩუნებისთვის მეორე ლიგის ორ საუკეთესო გუნდთან პლეი-აუტში იბრძოლებენ.
აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ჩემპიონატში ბოლო ორი წელი ბათუმის „შავიზღვის გოგონებისთვის“ წარმატებული გამოდგა. ბათუმელებმა 2024-25 წლების სეზონი ოქროს, ხოლო 2025-26 წლების სეზონი ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს.
წლევანდელ სეზონში კი გუნდის გაცხადებული მიზანი ჩემპიონობა და თასის ბათუმში დაბრუნებაა. ბათუმის "შავი ზღვის გოგონები“ 14 და 15 ნოემბერს "ოლიმპიასა“ და "ფსოუსთან“ მატჩებს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართავენ.