10 ნოე 2026
ხმაური მოჰყვა დღეს " კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლის რეპლიკებს საკონსტიტუციო სასამართლოში. ნიკა გვარამიამ დარბაზში სიტყვით გამოსვლამდე მოსამართლეებს რამდენჯერმე მიმართა. განხილვა ამჯერადაც შუამდგომლობების დაყენებით დაიწყო.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პოლიტიკოსებს მოუწოდებდა გადახვევებისგან თავი შეეკავებინათ და საქმის ძირითად ნაწილს დაბრუნებდოდნენ. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების შეფასებით, ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი პოლიტიკური განცხადებების ტრიბუნად გამოიყენა.
"კოალიცია ცვლილებისთვის" გაერთიანებამ სარჩელში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლა მოითხოვა. ასევე კვლავ აპროტესტებდა 5 პარტიის საკითხის ერთად განხილვის ფაქტს.
გაერთიანება შუამდგომლობით ითხოვდა, სასამართლო გადაწყვეტილების ვადის შესახებ ინფორმაციას, რაზეც კოლეგიამ უპასუხა, რომ ამგვარი გადაწყვეტილების წინასწარ გაჟღერება არაკონსტიტუციურია.
მოსარჩელე მხარე ვარაუდობს რომ გადაწყვეტილების ვადის შესახებ მოთხოვნის დაყენება ოპოზიციის მხრიდან პროცესის გაჭიანურებას ემსახურება. ვადებზე საუბარს კი სტრასბურგის სასამართლოზე მიმართვას უკავშირებენ.
დღესვე სასამართლო პროცესზე შუამდგომლობა დააყენა პარტია "ლელო- ძლიერმა საქართველომ". ლევან სამუშიას მოგვიანებით სხვა ოპოზიციური პარტიებიც მიემხრო. აღნიშნეს, რომ ელექტრონული ბმულების ნაწილი არ იხსნება. ერთ-ერთი ასეთი ოპოზიციის 2024 წლის ერთობის დეკლარაციაა. სასამართლომ მტკიცებულებების გამოკვლევის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე ერთკვირიანი განხილვის პროცესები ჯერ კიდევ შუამდგომლობების დაყენების ეტაპზეა. ოპოზიცია სარჩელის არგუმენტაციას იწუნებს, ხელისუფლების თქმით კი პროცესი, ხელოვნურად ჭიანურდება.