არჩილ გორდულაძე: „ვინც არაკონსტიტუციურ ძალასთან კოალიციაში შედის და თანამდებობებს ინაწილებს, იმავე წარსულის და დანაშაულების მონაწილეა“

10 ნოე 2026

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური ძალები მძიმე თავდაცვის რეჟიმში იმყოფებიან და სასამართლო პროცესის პოლიტიკურ შოუდ გადაქცევას ცდილობენ.

მისივე თქმით, გახარიას პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ისინი წარსულში ჩადენილ არაკონსტიტუციურ ქმედებებს იზიარებენ.

"ამ 8 წლის განმავლობაში ისინი დარწმუნდნენ, რომ სტრატეგიას, ტყუილების თქმას, ფაქტებით მანიპულირებას და ერთი და იმავეს გამეორებას უბრალოდ აზრი არ აქვს მათთვის; არიან მძიმე თავდაცვის რეჟიმში და არ გამოადგებათ.

ახლა ცდილობენ, რომ სასამართლოს სხდომა გადაზარდონ პოლიტიკურ დებატებში, შოუ შექმნან; ერთსა და იმავეს საუბრობენ ადგილიდან წამოძახილებით. კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ერთნი არიან, ერთი ორგანიზმი არიან, ერთი დიდი ორგანიზმის სხვადასხვა წარმომადგენლები, რომ თითქოს სასამართლოში მათ არ ეძლევათ მტკიცებულებების გამოკვლევის შესაძლებლობა და ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებენ, რომ სხდომის ოქმში დაფიქსირდესო.

თან ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს ერთ საკითხს: ამ ხნის განმავლობაში ჯერ ამბობდნენ, სარჩელში რა არის, რა მტკიცებულებებია მითითებული, ვერ გავიგეთო. მერე საუბრობდნენ, ეს მტკიცებულებები ვისი მიმართულებითაა, რომელი ჩვენგანისა, ესეც გაუგებარიაო. დღეს გამოვიდნენ და საუბრობენ, რომ იმდენი მტკიცებულება არის თურმე წარმოდგენილი, ეს რომ ამოიბეჭდოს, სატვირთო მანქანებით იქნება წარმოსადგენი საკონსტიტუციო სასამართლოშიო და ეხლა მათ გამოკვლევას ცდილობენ. მოდი, ჩამოყალიბდნენ: სარჩელს მტკიცებულებები თან ახლავს თუ არ ახლავს? წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთია საგამოძიებო კომისიის დასკვნის სახით, თუ იმდენია, რომ სატვირთო მანქანაა საჭირო მის მოსატანად საკონსტიტუციო სასამართლოში? მათ შორის საჯარო ინფორმაცია, იქნება ეს ვიდეოები თუ მათ მიერ გაჟღერებული სხვადასხვა ინტერვიუები, ეს სარჩელს ახლავს თუ არ ახლავს?

იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში საპირისპირო, ერთმანეთისა და საკუთარი თავის საპირისპირო ჩვენებებსაც კი აძლევენ. მთავარი რა არის? — ისევ და ისევ ის, რომ საზოგადოებაში როგორმე აღქმა ჩამოაყალიბონ, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მიმდინარეობისას მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომელიმე საკითხთან დაკავშირებით აზრი დააფიქსირონ. ჩვენ დღეების განმავლობაში ვისმენდით ზუსტად ერთსა და იმავეს, ერთსა და იმავეს სხვადასხვა ეგრეთ წოდებული პარტიის სხვადასხვა წარმომადგენლისგან. როდესაც ამ ყველაფრის შესაძლებლობა მათ ჰქონდათ და აქვთ ისევ, რომ კიდევ და კიდევ დეზინფორმაცია გაავრცელონ და მერე სარჩელში შექმნილი სირთულეები ვერ იკვლიონ, ეს ისევ და ისევ პროცესის დისკრედიტაციის მცდელობაა, რომლის მიზანი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და სიცრუის გავრცელებაა, რაც მათი ჩვეულებრივი დღის წესრიგია 2004 წლიდან დაწყებული დღევანდელ დღემდე.

აქ საუბარია კონკრეტულ პიროვნებებზე თუ კონკრეტულ პარტიებზე, რომლებიც პიროვნებებისგან, გარკვეული ნაბიჯებისა და არაკონსტიტუციური ქმედებებისგან შედგება. აი, როდესაც, მაგალითად, გახარიას პარტიას ჰქონდა კოალიცია (სიტყვა „კოალიცია“ რომ არ მოსწონდათ, რაც გინდათ, ის დაუძახონ, „ერთობა“ დაარქვან), ვინმეს არ ახსოვს, რომ 2021-2024 წლებში მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად თანამდებობები გაინაწილეს ოთხ მუნიციპალიტეტში? აი, როდესაც არაკონსტიტუციურ ძალასთან შენ შედიხარ კოალიციაში, მასთან ერთად ხარ და ინაწილებ პოლიტიკურ თანამდებობებს (რადგანაც საკრებულოს თანამდებობები პოლიტიკური თანამდებობები არის), რა თქმა უნდა, შენ ადასტურებ, რომ ემიჯნები იმ არაკონსტიტუციურ ფუნდამენტებს, რაც არის 2004-2012 წლებში ჩადენილი და მიმდინარე პერიოდშიც? — არა თუ ემიჯნები, პირიქით, ამ ყველაფრის მონაწილე ხარ.

მარტივად რომ ვთქვათ, მაგალითად, ჰიტლერი რომ გადარჩენილიყო და ჰიტლერთან ვინმე შესულიყო კოალიციაში, რა თქმა უნდა, სრულად აიღებდა ის პასუხისმგებლობას იმ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე, რომელიც ჰქონდა ჰიტლერს და მის პარტიას ჩადენილი და ახლა გამოდიან და ჩვენნაირად მოგვმართავენ, ძალიან კარგადაც იციან, რა მიემართება და რა ნაბიჯები აქვთ გადადგმული არაკონსტიტუციური. ამავდროულად, თითოეული პარტიის, ან თუნდაც აღებული ერთი პარტიის ქმედებები არის არაკონსტიტუციური, ხოლო მით უმეტეს, როდესაც ისინი ერთიან ორგანიზმად მოქმედებენ, ხომ მით უმეტეს ფეხქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციის ისეთ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიც არის სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია.“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.