10 ნოე 2026
ბოდიბილდერი, ბათუმელი სპორტსმენი გენო დავითაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
მან პირველი ადგილი მამაკაცთა 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში დაიკავა. ჩემპიონატში 1700-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, საქართველოს სახელით კი მხოლოდ სამი ბოდიბილდერი ასპარეზობდა. გადაცემაში „შეხვედრის დრო“ გენო დავითაძემ ისაუბრა სპორტულ გზაზე, რომელმაც ჩემპიონობამდე მიიყვანა, გამარჯვებისთვის გაწეულ შრომასა და სირთულეებზე.
სპორტსმენმა გაიხსენა, როგორ დაიწყო ბოდიბილდინგით დაინტერესება და რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ამ პროცესში მეუღლის მხარდაჭერა.
,,თავისუფალი ჭიდაობით ვიყავი დაკავებული, შემდეგ კი პერსონალურად ვარჯიში დავიწყე. სწორედ აქ გამიჩნდა იდეა, რომ საკუთარი შესაძლებლობები ბოდიბილდინგშიც გამომეცადა. დავიწყე მზადება საქართველოს ჩემპიონატისთვის. ჩემი დებიუტი სამი წლის წინ შედგა. მას შემდეგ აქტიურად ვმონაწილეობ სხვადასხვა შეჯიბრებაში და არაერთი პრიზიც მოვიპოვე.
საქართველოში ვვარჯიშობ და მომზადებას საკუთარი ფინანსებით ვუზრუნველყოფ. როდესაც შეჯიბრისთვის ემზადები, პარალელურად გიწევს პერსონალური ვარჯიშების ჩატარება, რათა ფინანსურად შეძლო მომზადების პროცესის გაგრძელება. შემდეგ ისევ საკუთარ რეჟიმს უბრუნდები — უნდა დაიცვა კვების მკაცრი რეჟიმი, გაითვალისწინო ყველა დეტალი და მუდმივად მზად იყო მომდევნო შეჯიბრებისთვის. ეს ყველაფერი ოჯახზეც აისახება და როცა ორაგულის სტეიკი უნდა მივიღო, მივირთმევ ქათმის ფილეს... სამწუხაროდ, ბოდიბილდინგში არ არის ისეთი სპონსორული მხარდაჭერა, როგორიც სპორტსმენებს სჭირდებათ. სწორედ ამიტომ მიჩნდება კითხვა, შევძლებ თუ არა საკუთარი ფინანსური რესურსებით მომზადების გაგრძელებას და მსოფლიო მასშტაბის შეჯიბრებებში ასპარეზობას.
მომზადების პროცესში ჩემი მეუღლე ძალიან მედგა გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ ორსულად იყო და თავადაც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებდა, პირიქით, თვითონ დამიდგა გვერდით, მხარი დამიჭირა და მომცა სტიმული, დამეწყო მზადება და ჩემი მიზნებისთვის მიმეღწია. მისი მხარდაჭერის გარეშე ჩემი გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა,“ - აღნიშნა გენო დავითაძემ.