10 ნოე 2026
გასულ კვირას განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ფუნდამენტური წინააღმდეგობები, რომლებიც, სამწუხაროდ, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკომისიის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
როგორც კირცხალიამ აღნიშნა, ანგარიშში უსაფუძვლო და უარგუმენტო შეფასებებია წარმოდგენილი სასამართლო სისტემის, საკანონმდებლო ცვლილებებისა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.
„ეს წინააღმდეგობები მხოლოდ ცალკეულ კანონებს, ევროკომისიის ანგარიშს ან დიპლომატიურ განცხადებებს არ უკავშირდება. საკითხი გაცილებით ღრმაა და ეხება სახელმწიფოს სუვერენიტეტს, დემოკრატიული მანდატის მნიშვნელობას, ეროვნული ინტერესების დაცვასა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის პრინციპებს.
საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია, თუმცა ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა არ აუქმებს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს უფლებამოსილებას, დაიცვას საკუთარი კონსტიტუციური წესრიგი, კულტურული თვითმყოფადობა და დემოკრატიული ინსტიტუტები“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
მისი თქმით, ევროკომისიის ბოლო ანგარიშმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების პოზიციებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს და ანგარიშში ყოვლად უსაფუძვლო და უარგუმენტო შეფასებებია წარმოდგენილი სასამართლო სისტემის, საკანონმდებლო ცვლილებებისა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.
„ევროკომისიის ანგარიშში რამდენიმე ფუნდამენტური პოლიტიკური შეკითხვაა, რომლებსაც პირდაპირი პასუხი სჭირდება: ვინ იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოში? ვინ განსაზღვრავს ჩვენს კანონებს? სად გადის პარტნიორობასა და სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში ჩარევას შორის ზღვარი?
ჩვენგან ევროინტეგრაციის სანაცვლოდ ისეთი კანონების გაუქმებას ითხოვენ, როგორიცაა გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებების, არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონები. ქართველ ხალხს არ ეკითხებიან, სურთ თუ არა ამ კანონების გაუქმება. საუბრობენ „უსამართლოდ დაკავებულებზე” – ვინ არიან „უსამართლოდ დაკავებულები”, ვისზეც ევროსასამართლომ დაადასტურა, რომ სისტემური წამების შემოქმედები იყვნენ? ვინ არიან „სინდისის პატიმრები“, ვინც გარედან მართულ აქციებზე პოლიციელებს ასახიჩრებდნენ და სახელმწიფო ინსტიტუტებს თავს ესხმოდნენ? მერაბ კოსტავას სამშობლოში „სინდისის პატიმრის“ წოდებას განსაკუთრებული ისტორიული და მორალური მნიშვნელობა აქვს. მისი გამოყენება ვერ იქნება პოლიტიკური ეტიკეტი, რომელიც მტკიცებულებებს ჩაანაცვლებს“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საქართველოში ექვსი რევოლუციის მცდელობა იყო და ჩვენს ქვეყანაში რაც გამოხატვის თავისუფლებად შეფასდა, საუბარია ცეცხლწაკიდებულ პოლიციელებზე, იმავე ქმედებისთვის საფრანგეთში მკვლელობის მუხლით იწყება გამოძიება.
„თბილისში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ანტისამთავრობო მიტინგებზე იდგნენ. დიპლომატიური მისიები და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის პოლიტიკური თანამდებობის პირები პირდაპირ იყვნენ ჩართული საარჩევნო კამპანიაში. რაზე ვსაუბრობთ? მიზანი ხომ ისედაც ნათელია! მათ არ აწყობთ საქართველოში ეროვნული ხელისუფლება, რომელიც თავისი ხალხის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე იზრუნებს. მათ სჭირდებათ მათივე ინტერესების გამტარებელი აგენტები, რომლებსაც ყველაფერს გააკეთებინებენ და ქვეყანას კიდევ ერთხელ გახვევენ ომის ქარცეცხლში.
რაც შეეხება მოსამართლეების ე.წ ვეტინგს, კითხვაა – ვის წინაშე იქნებიან ანგარიშვალდებულნი მოსამართლეები? მიუღებელია ისეთი მოდელი, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის ნაცვლად, მის საქმიანობაზე გარედან პოლიტიკური კონტროლის შესაძლებლობას შექმნის. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებებს, პარლამენტის კანონებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედებებს საბოლოოდ გარედან განსაზღვრავენ, რა რჩება ხალხის მიერ არჩეული ინსტიტუტების უფლებამოსილებიდან?
ჩვენ ღია ვართ დისკუსიებისთვის თანასწორობის პრინციპით. ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, მაგრამ არა სუვერენიტეტის სანაცვლოდ. დიალოგის საწყისი პირობა უნდა იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის, კონსტიტუციური წესრიგისა და მოქალაქეთა დემოკრატიული არჩევანის პატივისცემა.
ეს არ არის არჩევანი ევროპასა და საქართველოს შორის. ეს არის მოთხოვნა, რომ ევროპული მომავალი შენდებოდეს სუვერენულ სახელმწიფოზე და არა მისი უფლებამოსილებების გაუფასურებაზე. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, უსაფრთხოება, სამართლის უზენაესობა და პარტნიორობა, რომელიც ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. საქართველოს ევროპული გზა უნდა იყოს ღირსეული, დამოუკიდებელი საქართველოს გზა“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.