10 ნოე 2026
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერს, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს, კარელ ჰავლიჩეკს და თავდაცვის მინისტრის მოადგილე რადოვანს რიხს შეხვდა.
ჩეხეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და ჩეხეთს შორის ორმხრივი დინამიკის გააქტიურება, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და დარგობრივი კავშირების შემდგომი გაღრმავება.
მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის, ტრანსპორტის მიმართულებებით. აღინიშნა, რომ საქართველოში წლების განმავლობაში წარმატებით საქმიანობენ ჩეხური კომპანიები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო შუა დერეფნის შემდგომი განვითარების მნიშვნელობასა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამომავლო პერსპექტივებს. შალვა პაპუაშვილმა მიმოიხილა ამ კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და ხაზი გაუსვა ჩეხური კომპანიების ამ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობებს.
მხარეებმა, აგრეთვე, ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო აგრძელებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგის აღდგენის მნიშვნელობას.
შალვა პაპუაშვილი ასევე შეხვდა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, რადოვან ვიხს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და ჩეხეთი წლების განმავლობაში წარმატებით თანამშრომლობდნენ თავდაცვის სფეროში და მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია.
მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების კომპლექსური გარემო და საერთო გამოწვევები. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციაზე, ასევე, სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე და ხანგრძლივი მშვიდობის პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო ენერგოუსაფრთხოებას. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის პოტენციალზე და ამ მიმართულებით საქართველოსა და ჩეხეთს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილის ჩეხეთში მიმდინარე ორმხრივი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციაში არიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, ჩეხეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად შალამბერიძე, პარლამენტის წევრი ალუდა ღუდუშაური, პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი.