10 ნოე 2026
რატომ ვწერთ სულ უფრო მოკლედ და რატომ ვანაცვლებთ სიტყვებს ემოჯებით? როგორ მოქმედებს სოციალური ქსელები ჩვენს მეტყველებასა და წერით კომუნიკაციაზე და რა გავლენას ახდენს ეს ენის განვითარებაზე? ამ საკითხებზე გადაცემაში „შეხვედრის დროში“ ჟურნალისტმა და ლექტორმა ლაშა ზარგინავამ ისაუბრა.
ლაშა ზარგინავამ განმარტა, რომ არ უნდა დავკარგოთ ფიქრის, მსჯელობის, წერისა და საუბრის უნარი.
„თანამედროვე ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება, თუმცა ამ პროცესში არ უნდა დავკარგოთ ფიქრის, მსჯელობის, წერისა და საუბრის უნარი. სტუდენტებთან მუშაობისას ვამჩნევ, რომ ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება ხშირად ამ უნარების შემცირებას იწვევს.
განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვებისა და მოზარდების დამოკიდებულება ტექნოლოგიებთან. აუცილებელია ბალანსის დაცვა. ტექნოლოგია უნდა გვეხმარებოდეს აზროვნებაში და არა ჩვენს ნაცვლად აზროვნებდეს. მნიშვნელოვანია, დამოუკიდებლად მსჯელობისა და საკუთარი აზრის გამოხატვის უნარი შევინარჩუნოთ.
12-14 წელია, უნივერსიტეტში ანალიტიკურ ჟურნალისტიკას ვასწავლი და სტუდენტებთან ხშირად ვსაუბრობ იმაზე, რომ სიღრმისეული ნაშრომის მომზადებას შეიძლება თვეები ან მთელი წელიც კი დასჭირდეს, თუმცა მისი აუდიტორია გაცილებით მცირე იყოს, ვიდრე მსუბუქი, გასართობი მასალისა, რომელსაც შესაძლოა მილიონობით ნახვა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ არ უნდა გავხდეთ რეიტინგების ტყვეები. მედიისთვის ეს, ერთი მხრივ, რთული პერიოდია, რადგან ობიექტურობისა და პროფესიული სტანდარტების შენარჩუნება სულ უფრო მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ კი, საინტერესო ეტაპია, რადგან აუდიტორია უკვე არჩევს ყვითელ, გასართობ და აკადემიურ მედიას, რომელთაგან თითოეულს თავისი მკითხველი ჰყავს“, - აღნიშნა ლაშა ზარგინავამ.
მან აღნიშნა, რომ ტრანსფორმაცია, რომელიც ევროპისა და სხვა განვითარებული ქვეყნების მედიამ უფრო ადრე გაიარა, ახლა ჩვენთან მიმდინარეობს.
„ის ტრანსფორმაცია, რომელიც ევროპისა და სხვა განვითარებული ქვეყნების მედიამ უფრო ადრე გაიარა, ახლა ჩვენთან მიმდინარეობს. ეს რთული, თუმცა საინტერესო პროცესია. სამი-ოთხი წლის წინ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ სტუდენტი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეძლებდა ნაშრომის შექმნას ან სხვადასხვა მასალის დამუშავებას. მაშინ არსებობდა პლაგიატის საწინააღმდეგო პროგრამები და აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის სხვადასხვა მექანიზმი. დღეს კი ხელოვნური ინტელექტი სრულიად ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს და ჯერ კიდევ რთულია იმის განსაზღვრა, რა ცვლილებებს მოიტანს ის მომავალში.
მსგავსი შიში ტექნოლოგიურ სიახლეებს ყოველთვის ახლდა. როდესაც რადიო გამოჩნდა, ბევრს ეგონა, რომ გაზეთი გაქრებოდა. მოგვიანებით იგივე შიში გაჩნდა ტელევიზიისა და ინტერნეტის გამოჩენისას. თუმცა ახალ ტექნოლოგიებს ძველი მედია არ გაუქრია - მათ არსებობა განაგრძეს და ახალ რეალობას მოერგნენ.
დღეს ტექნოლოგიურ ცვლილებებს ხშირად ჩვეულებრივ მოვლენად აღვიქვამთ, თუმცა მათი გავლენა ადამიანზე ჯერ კიდევ სათანადოდ შესწავლილი არ არის. საინტერესოა, რა გავლენას მოახდენს ხელოვნური ინტელექტი ჩვენს აზროვნებაზე, ქცევასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამას არც ისე შორეულ მომავალში ვიხილავთ“, - განაცხადა ლაშა ზარგინავამ.