09 ნოე 2026, 14:50
0ქართული ენა უნდა ვითარდებოდეს და თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს ერგებოდეს, თუმცა ამ პროცესში არ უნდა დაკარგოს საკუთარი იდენტობა და სალიტერატურო ნორმები. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გადაცემაში „შეხვედრის დრო“ პირველი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ნინო ღლონტმა ისაუბრა.
მან განმარტა, რომ ენის იდენტობის შენარჩუნება მხოლოდ ისტორიულ მემკვიდრეობაზე ჩაჭიდებას არ ნიშნავს, მას მუდმივად განვითარება სჭირდება.
„ენა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივად ვითარდება და რეალობას ერგება. მისი იდენტობის შენარჩუნება მხოლოდ ისტორიულ მემკვიდრეობაზე ჩაჭიდებას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია, ქართულმა ენამ თანამედროვე ტექნოლოგიებშიც, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის სფეროში, დაიმკვიდროს ადგილი, რათა ინფორმაციის მოპოვებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით სხვა ენებზე დამოკიდებული არ გავხდეთ.
ქართულ ენაში ბევრი უცხო სიტყვაა დამკვიდრებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არსებული ქართული შესატყვისები უცხოური ტერმინებით უნდა ჩავანაცვლოთ. ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ თანამედროვე ბავშვების განსხვავებული საინფორმაციო გარემო და დავეხმაროთ მათ საკომუნიკაციო და სალიტერატურო ენების გამიჯვნაში.
ქართული ენა ამ ტექნოლოგიურ პროცესებში, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებითაც, აქტიურად უნდა ჩაერთოს, რათა მოვლენებს არ ჩამორჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალში ინფორმაციის დამუშავების, მოპოვების, ახალი საკითხების შესწავლისა და სამეცნიერო კვლევების გაცნობისთვის ალტერნატიული გზების მოძიება მოგვიწევს, რადგან ენა, რომელიც თანამედროვე რეალობას მოწყვეტილია, ამ გამოწვევებს სათანადოდ ვერ უპასუხებს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქართული ენა თანამედროვე ტექნოლოგიურ სივრცეში სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი.
მასწავლებლების პასუხისმგებლობაა, მოსწავლეებს არა მხოლოდ სალიტერატურო ნორმები ასწავლონ, არამედ განუვითარონ გამართული მეტყველების, მსჯელობისა და საკუთარი აზრის გამოხატვის უნარები. ეს მნიშვნელოვანია ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობის დროსაც.
თუმცა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არ არის პრობლემა. მოსწავლეებს ლექსიკური მარაგი აქვთ, იციან სიტყვები, შეუძლიათ აზრის ჩამოყალიბება, მაგრამ ხშირად უჭირთ მათი აქტიურად გამოყენება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ნაკლებად კითხულობენ და ამ საკითხებზე საკმარისად ხშირად არ საუბრობენ. გაჯეტები, მოკლე კითხვები, მოკლე პასუხები და კომუნიკაციის გამარტივებული ფორმები ამ უნარების განვითარებას აფერხებს. ამიტომ ბავშვებს მეტი საუბრისა და მსჯელობის შესაძლებლობა უნდა მივცეთ.
მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რა არის სალიტერატურო ნორმა და რა - სალიტერატურო წესი. ამის სწავლება მხოლოდ წესების მექანიკურად დაზეპირებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ტექსტებზე მუშაობისას მოსწავლეს უვითარდება უნარები, რომლებიც ეხმარება სასვენი ნიშნების სწორად გამოყენებაში, ლექსიკური ერთეულების კონტექსტის მიხედვით ამოცნობასა და ენის სათანადოდ გამოყენებაში. მნიშვნელოვანია, მოსწავლემ იცოდეს, სად და რა ვითარებაში გამოიყენოს ესა თუ ის ენობრივი ფორმა. ეს მხოლოდ გრამატიკის ცოდნა არ არის - ეს გამართული მეტყველების კულტურის ნაწილია“, - აღნიშნა ნინო ღლონტმა.