საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ავსტრიასთან 23:35 დამარცხდა 

09 ნოე 2026

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ავსტრიის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 23:35 დამარცხდა. საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩს მნიშვნელოვანი საკადრო დანაკლისით შეხვდა.

სხვადასხვა მიზეზის გამო გუნდს ირაკლი კბილაშვილი, გიორგი დიხამინჯია, ნიკოლოზ კალანდაძე და მეკარე ზურაბ ცინცაძე ვერ ეხმარებოდნენ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომელმაც 15 გოლი გაიტანა.

ავსტრიასთან შეხვედრას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი ესწრებოდნენ.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 11 მარტს, სტუმრად, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.