ქართული ღვინის კომპანიები ჰონგ-კონგის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდნენ

09 ნოე 2026

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჰონგ-კონგში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში HKTDC Hong Kong International Wine & Spirits Fair 2026 ქართული ღვინის მწარმოებელი ცხრა კომპანია მონაწილეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, HKTDC Hong Kong International Wine & Spirits Fair აზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოფენაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს, იმპორტიორებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს.

„აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა ქართული ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო პროფესიულ აუდიტორიას გააცნონ ქართული ღვინო, დაამყარონ ახალი საქმიანი ურთიერთობები და გააძლიერონ საექსპორტო პოზიციები აზიის ბაზარზე.

რიგით მე-18 გამოფენაში HKTDC Hong Kong International Wine Spirits Fair წელს მსოფლიოს 25-მდე ქვეყნის 600-ზე მეტი მწარმოებელი მონაწილეობდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს ამერიკის, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე“, - აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.