ბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურნირებზე კონტაქტურ კარატეში ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს

08 ნოე 2026

ბათუმი სპორტის სასახლე, ორი დღის განმავლობაში, კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო ტურნირებს მასპინძლობდა - საქართველოს ასაკობრივი ნაკრები გუნდების ანგარიშზე 11 ოქროს, 8 ვერცხლისა და 22 ბრინჯაოს მედალია, უფროსი ასაკის ქართველმა მებრძოლებმა კი „ბათუმის გრან პრიზე“ 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ასპარეზობის პირველ დღეს ტატამი 12-დან 18 წლამდე სპორტსმენებს დაეთმოთ და ჩემპიონ-პრიზიორებიც, როგორც ვაჟთა, ასევე, გოგონათა შორის „BATUMI OPEN“-ზე ამ ასაკობრივ კატეგორიებში გამოვლინდნენ.

შეჯიბრების დასკვნით დღეს უფროსი ასაკის სპორტსმენებმა „ბათუმის გრან-პრიზე“ იასპარეზეს. მათ შორის იყვნენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები, იაპონიის ჩემპიონები.

ორდღიან ტურნირზე ბათუმის სპორტის სასახლეში 12 ქვეყნის 377 კარატისტმა იბრძოლა. „ბათუმი ოუფენი“ და „ბათუმის გრან პრი“ აჭარის სპორტის სამინისტროს, აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და ბათუმის სპორტის სასახლის მხარდაჭერით ჩატარდა.

ტურნირი ტრადიციულია და ბათუმმა მას უკვე მესამედ უმასპინძლა.