ცოტნე ანანიძე: ბათუმს შეუძლია ღირსეულად უმასპინძლოს საერთაშორისო მასშტაბის ტურნირებს

08 ნოე 2026

„ეს არ იყო მხოლოდ სპორტული ღონისძიება. ეს გახლდათ კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ბათუმს, ჩვენს რეგიონს, შეუძლია ღირსეულად უმასპინძლოს საერთაშორისო მასშტაბის ტურნირებს“, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში, კონტაქტურ კარატეში ბათუმში ჩატარებული საერთაშორისო ტურნირის - „BATUMI OPEN" და „GRAND PRIX“ შესახებ.

ცოტნე ანანიძის შეფასებით, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას, საერთაშორისო ცნობადობის ზრდასა და საქართველოს, როგორც უსაფრთხო, ორგანიზებული და სტუმართმოყვარე ქვეყნის იმიჯის განმტკიცებას. 

„კონტაქტური კარატე მხოლოდ სპორტის სახეობა არ არის - ის დისციპლინის, მეტოქის პატივისცემის, თავმდაბლობის, ღირსებისა და სულის სიმტკიცის ერთგვარი ფილოსოფიაა. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ სპორტსმენს, მადლობას ვუხდი მონაწილე ქვეყნებსა და ჩამოსულ სტუმრებს. წარმატება საქართველოს, ორგანიზატორებს და მსოფლიო სპორტს!“, - წერს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

საერთაშორისო სპორტული ტურნირი კონტაქტურ კარატეში ბათუმში 7-8 ნოემბერს ჩატარდა. ასპარეზობის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჩუბინიძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, სახელოვანი სპორტსმენი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლიო თასის მფლობელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მუხრან ვახტანგაძე და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები.

ორდღიანი საერთაშორისო ტურნირი ზრდასრულთა შორის ორ ეტაპს მოიცავდა. პირველ დღეს, BATUMI OPEN-ის ფარგლებში, 18 წლამდე ასაკის 12 ქვეყნის 320 სპორტსმენი, ხოლო მეორე დღეს გამართულ GRAND PRIX-ში, უფროსი ასაკის 65 სპორტსმენი მონაწილეობდა. 

საერთაშორისო ასპარეზობაში 12 ქვეყანა იყო წარმოდგენილი: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უნგრეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი და უკრაინა.

ღონისძიება აჭარის სპორტის დეპარტამენტის, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლისა და კონტაქტური კარატეს ეროვნული ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით, ასევე, აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.