კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: უფლისციხესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არ ასახავს რეალობას

08 ნოე 2026

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ცალკეული პირებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ ასახავს ძეგლზე არსებულ რეალურ მდგომარეობას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

"განხორციელებული გამაგრებითი და გადაუდებელი საკონსერვაციო ღონისძიებების შედეგად, დღეის მდგომარეობით, სპეციალისტების მიერ ვიზიტორთათვის უშუალო საფრთხის შემცველი გარემოებები გამოვლენილი არ არის", - ნათქვამია განცხადებაში.

ოფიციალური უწყებაში აცხადებენ, რომ უფლისციხე რთული ბუნებრივი გარემოს პირობებში არსებული უნიკალური კლდეში ნაკვეთი ძეგლია, რომლის დაცვა მუდმივ კვლევას, დაკვირვებასა და შესაბამის ჩარევებს საჭიროებს.

მათივე ინფორმაციით, სპეციალისტთა ჩართულობით განხორციელდა სამხრეთ-დასავლეთით არსებული კლდოვანი მასივის სკანირება, დაზიანებული უბნების გამოვლენა, გამაგრება და ანკერირება.

"კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების ობიექტური შეფასება უნდა ეფუძნებოდეს სპეციალისტების დასკვნებსა და ფაქტებს და არა დაუსაბუთებელ განცხადებებს", - აღნიშნულია განცხადების ტექსტში.