08 ნოე 2026
დაკარის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ პირველი მედალი ქვიშის ჭიდაობაში მოიპოვა. დავით მძევაშვილმა 60 კგ წონითი კატეგორიის ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სენეგალელი სპორტსმენი 3:1 დაამარცხა.
ქვიშის ჭიდაობაში 80 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა ბოგდან კვანტალიანმა, რომელმაც ასპარეზობა ჯგუფურ ეტაპზე ერთი მოგებითა და ორი მარცხით დაასრულა.
დაკარის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე კრივში მეოთხედფინალის საგზური ემილ ისმაილოვმა მოიპოვა. მერვედფინალში ქართველი მოკრივე 55 კგ წონით კატეგორიაში დომინიკელ მაიკლ რეიესს შეხვდა. მსაჯთა გადაწყვეტილებით საქართველოს წარმომადგენელმა გაიმარჯვა 4:1.
მეოთხედფინალში ისმაილოვი 9 ნოემბერს ლიბანელ სპორტსმენს შეხვდება. მშვილდოსანმა დავით ბასილაძემ დაკარის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე სარეიტინგო რაუნდი 32 მონაწილეს შორის მეექვსე ადგილზე დაასრულა.
დღეს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ ქვიშის მოჭიდავეები ლუკა მახარაძე და ნურადინ მუსტაფაევი.