მმართველ გუნდში ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტებზე საუბრობენ

08 ნოე 2026

უკვე რამდენიმე დღეა პოლიტიკური შეფასებების საკითხია ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოწოდება - "გათავისუფლდნენ თვითნებურად დაკავებულები".

მმართველი გუნდი ბრიუსელისგან ითხოვს დაკონკრეტებას - ვის გულისხმობენ უკანონოდ დაპატიმრებულ პირებში. კონკრეტული სია, გვარებით, ევროკომისიისგან ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე მოითხოვა ხელისუფლებამ, რომელსაც მიაჩნია, რომ სწორედ სამართლებრივი საკითხების პოლიტიზება ამცირებს სივრცეს დიალოგისთვის.

სახელისუფლებო პარტიაში ბრიუსელის ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და ამბობენ, რომ გარე აქტორები აქეზებდნენ და მფარველობენ მოძალადეებს, რომელთა გათავისუფლებასაც ახლა თავადვე ითხოვენ. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ევროკომისიას მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს. 

''ვინც ცდილობდა პოლიციელების დაწვას, მოლოტოვის კოქტეილს ისროდა... აი, ეს გვარები რომ მიიჩნიონ თვითნებურად დაკავებულებად, პრაქტიკულად, აღიარებითი ჩვენება გამოუვათ, იტყვიან, რომ ჩვენ ვითხოვთ დამნაშავე პირთა გათავისუფლებას, რაც მათ რეალურად არ სურთ. იმიტომაც გაურბიან პასუხს, მიუთითებენ გაფართოების ანგარიშს, სადაც პრაქტიკულად ტყუილების მეტი არაფერი არ წერია, დიდი გამონაკლისის გარდა'' - აცხადებს დავით მათიკაშვილი.