"7 ნოემბრის" მოვლენებიდან 19 წლის შემდეგ სააკაშვილი ისევ აცხადებს, რომ კანონის ფარგლებში მოქმედებდა, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა

07 ნოე 2026

"7 ნოემბრის" აქციებისა და "ტელეიმედის" დარბევის შემდეგ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახლაც მიიჩნევს, რომ მისი ხელისუფლება სრულად კანონის ფარგლებში მოქმედებდა.

19 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს განვითარებული მოვლენები, სხვა საქმეებზე მსჯავრდებულმა და ამავე საქმეზე ბრალდებულმა ექსპრეზიდენტმა გაიხსნა და სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა.

მიხეილ სააკაშვილის პოზიციები უცვლელია. როგორც თავად აცხადებს, მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და მეტიც, მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სწორად მოქმედებდა.

ექსპრეზიდენტის განცხადებას, რომელიც საკუთარი დანაშაულებრივი მმართველობის გამართლებას კიდევ ერთხელ შეეცადა, მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ სააკაშვილის ტყუილით გაჯერებული განცხადებები პირველი არ არის და ის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

7 ნოემბრის მოვლენებიდან 19 წელი გავიდა. 2007 წელს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ანტისახელისუფლებო პროტესტი და აქციები დარბევითა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრით დასრულდა.გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და დაინიშნა ვადამდელი არჩევნები.

მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, ქუჩაში გამოსულ აქციის მონაწილეებს ხელისუფლება რეზინის ტყვიებით, ხელკეტებით, წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი აირით სასტიკად გაუსწორდა. რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შემდეგ, ეპიცენტრში რიყე მოექცა. აქციების ძალისმიერი დარბევის შედეგად, მძიმედ დაშავდა და დაზარალდა ასობით ადამიანი.

დღის დასასრულს კი სპეცდანიშნულების რაზმი ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა და არხი გათიშა. 7 ნოემბრის აქციის დარბევის და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე ამ დრომდე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა. 

7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.