უკრაინამ დრონებითა და რაკეტებით იერიში მიიტანა „როსნეფტის“ კუთვნილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ორიოლში მდებარე ქარხანა „პროტონზე“

07 ნოე 2026

უკრაინა უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხა „როსნეფტის“ კუთვნილ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ხოლო ორიოლში მდებარე ქარხანა „პროტონზე“ რაკეტებით მიიტანა იერიში. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სარატოვში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა. სარატოვის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები.

ორიოლში მონიტორინგის არხები ვარაუდობენ, რომ ქალაქს FP-5 „ფლამინგოს“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს. როსტოვში კი ხანძარი გაჩნდა ზეთებისა და პოლიმერული მასალების საწყობში, რომელიც ქარხანა „ალმაზის“ მახლობლად მდებარეობს. ცეცხლი დაახლოებით 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. ხანძრის ჩაქრობაში 85 ადამიანი და 26 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა.

მოგვიანებით ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამის განმავლობაში ბრიანსკის, ბელგოროდის, ვორონეჟის, კურსკის, ლიპეცკის, ორიოლის, როსტოვის, სარატოვის, სამარისა და ტულის ოლქების, ასევე ყირიმის ტერიტორიაზე, აზოვისა და შავი ზღვების თავზე, ჯამში 411 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.