საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს დაშავებულები შინაგან საქმეთა მინისტრს სასამართლოში უჩივიან

07 ნოე 2026

საფრანგეთში ბოლო კვირების განმავლობაში გამართული საპროტესტო აქციების დროს დაშავებული დემონსტრანტები შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნუნიესის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ. ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.

დაშავებულთა ადვოკატების განცხადებით, სამართალდამცველებმა დემონსტრაციების დაშლის დროს არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, რის შედეგადაც რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო. დაშავებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან.

ადვოკატ არიე ალიმის განცხადებით, სარჩელი რესპუბლიკის მართლმსაჯულების სასამართლოში შევა, რომელიც მთავრობის მოქმედი წევრების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს განიხილავს. კოლექტიურ საჩივარზე ხელმოწერას ამ ეტაპზე დაახლოებით ათი დაზარალებული თანხმდება.

საფრანგეთის მედიის ცნობით, სექტემბრის შუა რიცხვებიდან პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიებისა და სპეციალური ყუმბარების შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი მძიმედ დაშავდა. ოქტომბერში ერთ-ერთმა 15 წლის დემონსტრანტმა ხელის მტევანი დაკარგა. რამდენიმე ახალგაზრდამ კი თვალის მძიმე დაზიანება მიიღო, მათ შორის, ზოგიერთმა მხედველობა დაკარგა.

მედიის ინფორმაციით, 30 ოქტომბრის მდგომარეობით, პოლიციაში ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე 105 შიდა მოკვლევა მიმდინარეობდა.

თავად შინაგან საქმეთა მინისტრი ბრალდებებს არ ეთანხმება. ლორან ნუნიესის განცხადებით, სამართალდამცველები მოქმედებდნენ კანონით დადგენილ ფარგლებში და ძალის გამოყენებისას პროპორციულობის პრინციპს იცავდნენ. მინისტრმა დაშავებულების გამო სინანული გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენება საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად აუცილებელია.

ცნობისთვის, საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები ბოლო კვირების განმავლობაში გრძელდება. დემონსტრანტები ცხოვრების გაძვირებასა და განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ. აქციების ნაწილი დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებით დასრულდა.