კახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემა ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა

06 ნოე 2026

თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეაფასა.
 
დედაქალაქის მერის თქმით, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში შექმნილი რეჟიმი, უცხო ძალების დახმარებით, ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს ემსახურებოდა.
 
„სააკაშვილი თავისი სისტემით, რომელიც მან შექმნა გარე ძალების დახმარებით,  ყველაფერს აკეთებდა ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. შემთხვევით არ არის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ, რათა აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ხელმძღვანელი და ფაქტობრივად დამფუძნებელი გახლავთ მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
მისივე თქმით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანაში მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, რაზეც გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიტანოს.
 
„ცხადია, საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს ამაზე, მიიღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ იმ ქმედებებით, რასაც აღნიშნული პოლიტიკური ძალა წლების განმავლობაში აკეთებდა ქვეყანაში, ეს იყო ძალიან მძიმე დანაშაული. შორს წავალთ, რომ დავიწყოთ კონკრეტული საქმეების ჩამოთვლა, თუ რა მაქვს მხედველობაში. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რა პროცესები იყო, როგორ, ვისი ინტერესებით იმართებოდა ქვეყანა,  რა დავალებებს იღებდნენ და ა.შ. “, - აღნიშნა თბილისის მერმა.