ცოტნე ანანიძე ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს, იაშარ ერგუნს შეხვდა

06 ნოე 2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე, ცოტნე ანანიძე ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს, იაშარ ერგუნს შეხვდა,

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გოგი ფუტკარაძე ესწრებოდნენ.

"შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და თურქეთს, განსაკუთრებით კი აჭარასა და თურქეთის მოსაზღვრე რეგიონებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, ასევე თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო შესაძლებლობებზე.

ხაზი გავუსვი ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და თურქეთის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე. აღვნიშნე, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს, თურქეთის რესპუბლიკასთან მრავალწლიანი დიპლომატიური ურთიერთობა და თანამშრომლობა აკავშირებს, რაც მნიშვნელოვანი საფუძველია ორ მხარეს შორის არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

თავის მხრივ, გენერალურმა კონსულმა საქართველოს, როგორც უსაფრთხო და მიმზიდველი ქვეყნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ეკონომიკისა და ტურიზმის, მათ შორის სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა.

იაშარ ერგუნი ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის თანამდებობას 2026 წლის 15 სექტემბრიდან იკავებს,"- წერს ცოტნე ანანიძე.