მიხო გაბაიძე: ერთი მთავარი ღირებულება სიკეთეა, სიკეთე უნდა აკეთო და სანაცვლოდ არაფერს უნდა ელოდე

06 ნოე 2026

რეჟისორ მიხო გაბაიძის მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „ვაზომოტორული რინიტი“ (2024) საერთაშორისო კინოფესტივალებზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ნამუშევარი უკვე 200-მდე ფესტივალზე წარადგინეს. უახლოეს პერიოდში ფილმის ჩვენებები პარიზსა და სომხეთში იგეგმება, პარიზში კი ის ექვს ნომინაციაზეა წარდგენილი. რეჟისორი მიღწეულ შედეგს მრავალწლიან შრომასა და მიზანდასახულობას უკავშირებს. ამის შესახებ მიხო გაბაიძემ გადაცემა „შეხვედრის დროში“ ისაუბრა.

მიხო გაბაიძის თქმით, ფილმის წარმატება მხოლოდ მატერიალური შედეგებით არ იზომება. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოქმედებითი შეფასებები და ის გამოცდილება, რომელმაც გუნდს ახალი მოტივაცია შესძინა.

„მე ამას უფრო შრომისმოყვარეობას, შეუჩერებლობასა და ოცნებას დავარქმევდი. თუმცა, თუ ოცნებას მოძრაობა და მოქმედება არ ახლავს, აზრი არაფერს აქვს. ორი წლის განმავლობაში, როცა სახლში ვიყავით, დილაობით ორ საათს წერილებზე პასუხს ვუთმობდით, ღამით კი ორ საათზე მეტხანს ფესტივალებს ვიკვლევდით. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სიმართლე და ის, თუ რა გზით მიაღწევ წარმატებას. კიდევ ერთი მთავარი ღირებულება სიკეთეა, სიკეთე უნდა აკეთო და სანაცვლოდ არაფერს უნდა ელოდე“, - აღნიშნა მიხო გაბაიძემ.

რეჟისორი განსაკუთრებულად იხსენებს ლოს-ანჯელესში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერასაც. მისი თქმით, ფილმის ჩვენებას სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული თანამემამულეები დაესწრნენ, მათ შორის სპორტსმენებიც, რომლებმაც თამაშებიც კი გამოტოვეს.

„სხვა ქალაქებიდან ჩამოვიდნენ, სპორტსმენები თამაშებიდან წამოვიდნენ ჩვენთან. ეს იყო განსაკუთრებული შეგრძნება. თვითონ ამერიკელებიც კი გაკვირვებულები იყვნენ ამდენი ქართველით სავსე დარბაზით. ეს იყო ძალიან ამაღელვებელი. ემიგრანტები ყველა, როგორც შეეძლო, ისე გვეხმარებოდა“, - ამბობს მიხო გაბაიძე.

რეჟისორისთვის ლოს-ანჯელესში მიღებული მხარდაჭერა ფილმის საერთაშორისო გზაზე ერთ-ერთი გამორჩეული და ემოციური გამოცდილება აღმოჩნდა.