საქსტატი: სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წლიურად 6.0 პროცენტით გაიზარდა

06 ნოე 2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.0 პროცენტით. მათ შორის, საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.8 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0.7 პროცენტით.

არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 5.9 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 10.2 პროცენტით. სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2.3 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 9.4 პროცენტით.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2026 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსის წინა თვესთან შედარებით  2.3-პროცენტიანი ზრდა, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 7.3 პროცენტიანი მატებით, რამაც 1.45 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

„წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.0 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 25.9 პროცენტიანი მატებით და მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.4 პროცენტიანი მატებით, რამაც შესაბამისად 2.99 და 1.75 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 32.2 პროცენტით“, - აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.