შსს-მ კახეთში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

06 ნოე 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ორი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მამაკაცი გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.