ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინებების გამო ევროპის სხვადასხვა აეროპორტში, სულ მცირე, შვიდი თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

05 ნოე 2026

ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ მიღებული შეტყობინებების გამო, ევროპის სხვადასხვა აეროპორტში, სულ მცირე, შვიდი თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა პოლონური ავიაკომპანია „ლოტის“ თვითმფრინავმა. დუბლინიდან რომში მიმავალი თვითმფრინავი კი საფრანგეთში, ნორმანდიის საჰაერო ბაზაზე დასვეს. ჰელსინკიდან რომში მიმავალი ფინური ავიაკომპანიის თვითმფრინავი იტალიის საჰაერო ძალების ესკორტის თანხლებით დაეშვა იტალიის დედაქალაქში. ბულგარეთის ხელისუფლება ბომბის საფრთხის გამო სამი თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შესახებ იუწყება. ორი მათგანი სოფიაში, ერთი კი პლოვდივში დაჯდა. ავიახომალდები კოპენჰაგენიდან, მადრიდიდან და ლონდონიდან ასრულებდნენ რეისს.

ეს ამ კვირაში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ბორტზე ბომბის არსებობის საფრთხის გამო, თვითმფრინავების ავარიულად დაშვება ხორციელდება, რაც საჰაერო მიმოსვლის შეფერხებებს იწვევს.