საავტომობილო გზების დეპარტამენტში ზამთრის სეზონისთვის მზადების საკითხებზე კონტრაქტორ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა

05 ნოე 2026

საავტომობილო გზების დეპარტამენტში ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობა და გზების მოვლა-შენახვის კონტრაქტორი კომპანიების მზადყოფნა განიხილეს.

დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი გრიგალავა და დეპარტამენტის წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოს საავტომობილო გზების მოვლა-შენახვაზე პასუხისმგებელი კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს ზამთრის პერიოდში გზების მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული გამოწვევები და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებები.

კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მიაწოდეს ინფორმაცია მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის, ქვიშა-მარილის მარაგების შექმნის, სპეციალური ტექნიკის მომზადებისა და საყრდენი პუნქტების გამართვის შესახებ.

შეხვედრაზე განისაზღვრა შესაბამისი დავალებები და სამუშაოების გეგმა-გრაფიკი, რათა ზამთრის სეზონზე, მათ შორის, ძლიერი თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის პირობებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილება.