ისრაელის პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიღების შემდეგ პარტიებთან კონსულტაციები დაიწყო

04 ნოე 2026

ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიღების შემდეგ პარტიებთან კონსულტაციები დაიწყო.

პარტიების ლიდერებთან შეხვედრისას, ისრაელის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახალი არჩევნების თავიდან ასაცილებლად პოლიტიკურ ძალებს შესაძლოა, გარკვეულ დათმობებზე წასვლა და წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილის გადახედვა მოუწიოთ.

„ისრაელის ხალხისთვის სტაბილური და კარგი მთავრობის შესაქმნელად და არჩევნების კიდევ ერთი რაუნდის თავიდან ასაცილებლად, ველოდები, რომ პოლიტიკური ჯგუფები და მათი წარმომადგენლები გაიაზრებენ, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ყველა ვალდებულებისა და დაპირების შესრულება შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა ჰერცოგმა.

ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიიის საბოლოო შედეგებით, პირველ ადგილზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ გავიდა 27 მანდატით. ნეთანიაჰუსა და მის მოკავშირე პარტიებს 120-ადგილიან პარლამენტში, ჯამში 53 მანდატი აქვთ, მისი მოწინააღმდეგე პარტიების კოალიციას – 48 მანდატი, არაბულ პარტიებს კი – 19 მანდატი. შედეგად, არაბული პარტიები მთავრობის ფორმირების პროცესში შესაძლოა, გადამწყვეტი ძალა აღმოჩნდნენ.

ისრაელში პრეზიდენტის როლი ძირითადად ცერემონიულია, თუმცა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მას მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება. მან უნდა გადაწყვიტოს, ქნესეთის რომელ წევრს მიანდოს მთავრობის ფორმირება. არჩეულ კანდიდატს ახალი მთავრობის ფორმირებისთვის 28 დღე აქვს. ამ ვადაში კოალიციის ჩამოყალიბებას თუ ვერ შეძლებს, პრეზიდენტს შეუძლია, მას დამატებით 14 დღე მისცეს. ამასთან, პრეზიდენტი ვალდებული არ არის, მთავრობის ფორმირება არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატის მქონე პარტიის ლიდერს დაავალოს. მას შეუძლია, არჩევანი გააკეთოს იმ კანდიდატზე, რომელსაც სხვა პარტიებთან შეთანხმებისა და საპარლამენტო უმრავლესობის შექმნის მეტი შანსი აქვს.