"ერთ-ერთი მთავარი სიახლე სტუდენტებისთვის უფასო სწავლის შესაძლებლობაა" - ტიტე აროშიძემ მოთხოვნად პროფესიებზე, საგანმანათლებლო პროგრამებსა და დასაქმებაზე ისაუბრა ​

03 ნოე 2026

მოთხოვნადი პროფესიები, საგანმანათლებლო პროგრამები, დასაქმება და სტაჟირება - ამ და სხვა აქტუალურ თემებზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ტიტე აროშიძემ, გადაცემაში „შეხვედრის დრო" ისაუბრა.

ტიტე აროშიძემ განმარტა, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს და 2025-2026 წლებში დაგეგმილი რეფორმის გარკვეული ნაწილი უკვე სექტემბრიდან ამოქმედდა.

"ერთ-ერთი მთავარი სიახლე სტუდენტებისთვის უფასო სწავლის შესაძლებლობაა, რაც მათ სწავლის საფასურის გადახდის საჭიროებისგან ათავისუფლებს.

რეფორმის მნიშვნელოვანი მიმართულება შრომის ბაზრის კვლევა და მისი შედეგების გათვალისწინებით, საგანმანათლებლო პროგრამების გადახედვაა. ამოქმედდა პრინციპი - "ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“, რამაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტზეც იმოქმედა. შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად განისაზღვრა სტუდენტთა მისაღები კვოტები და ჩამოყალიბდა შესაბამისი პროგრამები. ამ ცვლილებების შედეგები კი გრძელვადიან პერსპექტივაში შეფასდება.

უნივერსიტეტი სტუდენტებს დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებსაც სთავაზობს. შექმნილია პლატფორმები, სადაც მათ შეუძლიათ განათავსონ საკუთარი მონაცემები, გაეცნონ სხვადასხვა უწყების შეთავაზებებსა და დასაქმების შესაძლებლობებს,''- აღნიშნა ტიტე აროშიძემ.

მან ასევე, ისაუბრა გაცვლით პროგრამებსა და პროფესიული პროგრამების შესახებ.

"მნიშვნელოვანი მიმართულებაა საერთაშორისო თანამშრომლობაც. უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მეშვეობით სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობენ და უცხოურ უნივერსიტეტებში გამოცდილებას იღებენ. გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმები და აქტიური კომუნიკაცია გვაქვს დაახლოებით 15 ქვეყანაში. თანამშრომლობა ორმხრივია - უცხოელი პროფესორებიც სტუმრობენ ჩვენს უნივერსიტეტს, რაც აკადემიური გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს.

რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საკუთარი პროფესიული კოლეჯი აქვს. წელს პროფესიულ პროგრამებზე უპრეცედენტოდ მაღალი მიღება გვქონდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციისას უმაღლეს და პროფესიულ განათლებას შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მიეცათ.

პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია. დღეს, შრომის ბაზარზე არაერთ პროფესიაზეა მოთხოვნა, მათ შორის კვალიფიციურ ავტომექანიკოსებზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ისეთი სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც პრაქტიკული უნარები და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაცია ექნებათ.

მთავარი მიზანია, უნივერსიტეტმა სტუდენტებს არა მხოლოდ განათლება, არამედ პროფესიული განვითარებისა და დასაქმებისთვის საჭირო შესაძლებლობებიც შეუქმნას,''- განაცხადა ტიტე აროშიძემ.