ირაკლი ფავლენიშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" "ოპოზიციის ალიანსის" წევრი აღარ არის - "ალიანსიდან ჩვენს გამორიცხვას და გამოსვლას შორის განსხვავებას მნიშვნელობა არ აქვს"

03 ნოე 2026

„ნაციონალურმა მოძრაობა“ აღარ იყო ამ ალიანსში. სადაც აღარ ვიყავით, იქიდან როგორ უნდა გამოვერიცხეთ ვინმეს, როგორ უნდა ვყოფილიყავით იმ ალიანსის ლოგოზე, რომლის წევრებიც არ ვართ? — ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თვეების განმავლობაში ამბობდა, რომ ალიანსში თავს ვერ ხედავდა და არც აქტივობებში იღებდა მონაწილეობას.

„ჩვენ ნათქვამი გვქონდა, რომ ამ ალიანსში თავს ვეღარ ვხედავდით და აღარ ვიყავით ამ ალიანსის წევრი. საჯაროდ არის ხელმისაწვდომი განცხადებებიც, ამიტომ შეგიძლიათ, ნახოთ. მარტო ჩემი განცხადების იმედად რომ არ იყოთ, ზოგადად ძალიან ბავშვურია იმაზე საუბარი, რომ მე გამოვრიცხე. ბოლო თვეების განმავლობაში აღარ ვიღებთ მონაწილეობას არც შეხვედრებში, არც რაიმე ტიპის აქტივობაში და საერთოდ არანაირი კონტაქტი ამ ხალხთან არ გვქონია. მათ შორის, საჯაროდაც ნათქვამი მქონდა, რომ ალიანსში არ ვიყავით“, — განაცხადა ფავლენიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გარიცხეს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციის ალიანსიდან“, ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ გარიცხვასა და გამოსვლას შორის ამ ეტაპზე მნიშვნელობა არ აქვს.

„ჩვენს გარიცხვას და გამოსვლას შორის განსხვავებას მნიშვნელობა არ აქვს. ნახეთ, ჯერ ბავშვურია ეს მსჯელობა, რომ ახლა თურმე პოლიტიკურად ვიღაცებმა უნდა თქვან, რომ ჩვენ გავირიცხეთ. მოცემულობა მარტივია, „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსში აღარ იყო. აღარ მონაწილეობდა არანაირ ფორმატში და, მათ შორის, საჯარო განცხადებებშიც ვამბობდით, რომ ალიანსის წევრები აღარ ვიყავით. ჰოდა, არ ვიცი, ახლა მეტი რა დემონსტრაცია უნდა მომხდარიყო იმისა, რომ ალიანსის წევრები ჩვენი ნებით აღარ ვიყავით. რა თქმა უნდა, ვისაც საღი აზრი აქვს, ვინც საღ აზრზე არის და არ არის უკიდურესად ტენდენციური, ის ამას დაინახავდა“, — აღნიშნა ფავლენიშვილმა.

ჟურნალისტმა ირაკლი ფავლენიშვილს კითხვა დაუსვა თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებაზე, სადაც ფედერალისტების ლიდერი აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციის ალიანსიდან“ გარიცხეს.

კითხვის საპასუხოდ ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გარიცხავდნენ იმ ალიანსისდან, რომელშიც პარტია უკვე აღარ იყო.

„ეს ადამიანი ცდილობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ პირადი სიძულვილი გამოაჩინოს. არ ვაპირებ, მუდმივად ასეთ ბავშვურ ბრალდებებს პასუხი გავცე. თითქოს მაგრები არიან და ალიანსიდან გაგვრიცხეს. „ნაციონალურმა მოძრაობა“ აღარ იყო ამ ალიანსში. სადაც აღარ ვიყავით, იქიდან როგორ უნდა გავერიცხეთ ვინმეს? ანუ, სადაც მონაწილეობას არ ვიღებდით არცერთ შეხვედრაში, ვამბობდით, რომ ამ ალიანსის წევრები აღარ ვიყავით. იქიდან როგორ უნდა გაგრიცხოს ადამიანმა, სადაც არ ხარ?

როგორ უნდა ვყოფილიყავით იმ ალიანსის ლოგოზე, რომლის წევრებიც არ ვართ? „ნაციონალურ მოძრაობას“ მკაფიო პოზიცია ჰქონდა და არ მიგვაჩნდა ეს საკითხი ისეთი ყურადღების ღირსად, რომ ცალკე ბრიფინგი უნდა ჩაგვეტარებინა. ძალიან ცინიკური არის ეს ყველაფერი, 21-ე საუკუნეა და შეგიძლიათ, გადახედოთ არქივს და ნახოთ ჩემი, ანა წითლიძის, სხვა პოლიტიკური პირების განცხადებები“, — განაცხადა ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციის ალიანსმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ახალი ფოტო გააზიარა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო დატანილი აღარ არის. ამასთან, ამ თემაზე პოსტი გამოაქვეყნა „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმაც.

„ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ვინც წესებს დაიცავს“, — წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.