უკრაინაში ერთ-ერთ კერძო სახლში სავარაუდო საიდუმლო საპატიმრო აღმოაჩინეს

03 ნოე 2026

უკრაინაში, კიევის ოლქში, პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში ერთ-ერთ კერძო სახლში სავარაუდო საიდუმლო საპატიმრო აღმოაჩინეს. მედიის ცნობით, კერძო სახლის სარდაფში სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამხედრო ნაწილიდან თვითნებურად წავიდნენ, უკანონოდ აკავებდნენ.

მომხდარზე უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაწყებულია სამსახურებრივი გამოძიება. ადგილზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროსა და სამხედრო ომბუდსმენის წარმომადგენლები. 

ეროვნული გვარდიის სარდალი ოლექსანდრ პივნენკო ამბობს, რომ ეს „აზოვის“ პირველი კორპუსის დროებითი განლაგების პუნქტია და იქ სამხედროები იმყოფებიან. მედიის ცნობით, სახლიდან გამოყვანილი 4 პირი სამედიცინო შემოწმებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდა ამისა, აღმოჩენილ სახლთან დაპირისპირება მოხდა, შეკრებილებმა პოლიციის ავტობუსი დაამტვრიეს, სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. 

ადგილზე მივიდა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, რომლის განცხადებითაც, სახლიდან 14 წლის ბიჭიც გამოიყვანეს, რომელიც, სავარაუდოდ ნაცემი იყო. ბუდანოვის თქმით, მოვლენები სპონტანურ აქციას არ ჰგავდა და დაგეგმილი იყო.