03 ნოე 2026
ევრობიუროკრატები საქართველოში „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებასა და მისი გამოყენების გამართლებას ცდილობდნენ, დღეს ვხედავთ, რომ „მოლოტოვის კოქტეილები“ საკუთარ ქალაქებში მიიღეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით ,ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის ორმაგი სტანდარტი და არაჯანსაღი დამოკიდებულებები, რომელსაც ევრობიუროკრატები ავლენენ.
„ევრობიუროკრატები საქართველოში „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებასა და მისი გამოყენების გამართლებას ცდილობდნენ. ამ საკითხებს პიარკამპანიებსა და ევროპარლამენტის რეზოლუციებსაც კი უძღვნიდნენ. დღეს ვხედავთ, რომ „მოლოტოვის კოქტეილები“ საკუთარ ქალაქებში მიიღეს და ახლა მათი განცხადებები გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ის შეფასებები, რომლებსაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აკეთებდნენ, მათ შორის, სამართლებრივ კონტექსტში.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის ორმაგი სტანდარტი და არაჯანსაღი დამოკიდებულებებია, რომელსაც ევრობიუროკრატები ავლენენ. როდესაც ცდილობ, ერთ ქვეყანაში „მოლოტოვის კოქტეილი“ თავისუფლების სიმბოლოდ წარმოაჩინო, ხოლო საკუთარ ქვეყანაში - მკვლელობის იარაღად, რა თქმა უნდა, გულწრფელი არ ხარ. ამით, ფაქტობრივად, ხდება იმის აღიარება, რომ საქართველოში „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენების უკან, სამწუხაროდ, სწორედ ეს ადამიანები იდგნენ.
ევრობიუროკრატებს პოლიტიკური სინდისი რომ ჰქონდეთ, ახლა უნდა გამოდიოდნენ და ბოდიშს უხდიდნენ არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ ევროპის ქვეყნების მოქალაქეებსაც იმის გამო, რომ თავის დროზე არ დაგმეს აგრესიული დემონსტრანტების მიერ სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა. მაშინ ეს არ დაგმეს, პირიქით, „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენება წაახალისეს და მისი რომანტიზება მოახდინეს. ფაქტობრივად, საკუთარი სამართალდამცველები გაწირეს, რათა შემდეგ მავნებლებს მათთვის პარიზში, ბერლინში, რომში თუ ევროპის სხვა ქალაქებში „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლათ. სამწუხაროდ, ამ ადამიანებს პოლიტიკური სინდისი არ აქვთ, რადგან ისინი ბოდიშს არ უხდიან არც ქართველებს და არც ევროპელებს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.