03 ნოე 2026
ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ლაზი მხატვრის, ჰასან ჰელიმიშისადმი მიძღვნილი იმერსიული გამოფენა "ოდისევსი, რომელიც შინ ვერ დაბრუნდა" გაიხსნება.
ოთხდღიანი ექსპოზიცია ტრადიციული ხელოვნებისა და ციფრული ტექნოლოგიების სინთეზს აერთიანებს. მისი მთავარი თემებია მეხსიერება, ნოსტალგია, თავისუფლება და ზღვა.
მხატვარს "ლაზ ფიროსმანს“ უწოდებენ. გოგა ანთიძის განმარტებით, ჰელიმიშის ნამუშევრებში ლაზური და აჭარული ყოფა, ასევე ზღვა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
"მას მოიხსენიებენ, როგორც ლაზ ფიროსმანს... როგორც ნიკალა აღწერდა თბილისურ ყოფას, ისე ასახავს იგი თავის ნახატებში ლაზურ და აჭარულ ყოფა-ცხოვრებას. ჰასან ჰელიმიში არის პიროვნება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა ჩვენი კულტურული ისტორიისთვის. მისი ცხოვრება საკმაოდ ტრაგიკული იყო. სწორედ აქედან გამომდინარეობს ეს სათაურიც - "ოდისევსი, რომელიც შინ ვერ დაბრუნდა“, - განაცხადა თანამედროვე ხელოვნების სივრცის მენეჯერმა გოგა ანთიძემ გადაცემაში "ახალი დილა“.
გამოფენის მოსამზადებელი სამუშაოები აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ორგანიზატორების მიზანია, დამთვალიერებელს მხატვრის ნამუშევრების განსხვავებული ფორმით გაცნობის შესაძლებლობა მისცენ.
გამოფენა 9 ნოემბერს, 19:00 საათზე გაიხსნება. დასწრება კი თავისუფალია.