ცოტნე ანანიძემ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და ექსპერტიზის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო 

02 ნოე 2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და ექსპერტიზის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

"სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია. ყველასთვის ნათელია, რამდენად მნიშვნელოვანია მისი საქმიანობა სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ბიუროს თანამშრომლებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს, როგორც სამართლიანი სახელმწიფოს, იმიჯის განმტკიცებაში.

მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმიანობისთვის. ექსპერტებს საზოგადოებაში განსაკუთრებული ავტორიტეტი და ნდობა აქვთ. მათ პროფესიულ მოსაზრებებსა და დასკვნებს, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ყველა ანგარიშს უწევს.

ღონისძიებაზე ბიუროს უფროსმა, გიორგი მურვანიძემ, უწყების საქმიანობის, განხორციელებული რეფორმების, ახალი შესაძლებლობების, მიღწეული პროგრესისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

ღონისძიების ფარგლებში დასავლეთ საქართველოსა და აჭარის რეგიონული დეპარტამენტების წლის საუკეთესო თანამშრომლები დაჯილდოვდნენ. თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი პროფესიონალიზმისთვის, პასუხისმგებლობისა და ექსპერტიზის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტების თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ,"- აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.