ლაშა ველიაძე: ყველას ვურჩევდი, აჭარის გაცნობა და აღმოჩენა მთებიდან დაიწყონ, აჭარის ისტორიის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ აღმოსაჩენია

02 ნოე 2026

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის შიდა ტურიზმის კამპანიის "გამომყევი აჭარაში" ერთ-ერთი  მონაწილე კონტენტ კრეატორი ლაშა ველიაძე გადაცემა "ახალი დილის" სტუმარი იყო. 

გადაცემის წამყვანების შეფასებით, მისი კონტენტი კამპანიაში ყველაზე შემეცნებითი აღმოჩნდა - მაყურებელმა აჭარის შესახებ ისეთი ამბებიც გაიგო, რომლებიც ადგილობრივებისთვისაც ნაკლებად იყო ცნობილი.

მისი თქმით, აჭარის ისტორიისა და კულტურის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გადასაღები და აღმოსაჩენია.

"მე პირადად 17 მთასა და 25-ზე მეტ სოფელში ვიმოგზაურე. ჩვენი რეგიონის ისტორიის და იმ მარაგის, შეიძლება, ერთი პროცენტიც არ გვქონდეს გადაღებული. ჯერ ძალიან ბევრია აღმოსაჩენი და ძალიან ბევრი საინტერესო რამ არის გადასაღები. ყველას ვურჩევდი, აჭარის გაცნობა და აღმოჩენა მთებიდან დავიწყოთ," - თქვა ლაშა ველიაძემ.

მისივე თქმით, პროფესიამაც უბიძგა, პროექტს უფრო აკადემიურად მისდგომოდა.

"ალბათ ჩემმა პროფესიამაც მიბიძგა, ცოტა უფრო აკადემიურად მივდგომოდი ამ საქმეს. მე გადავწყვიტე, უბრალოდ ისეთი აჭარა მეჩვენებინა საზოგადოებისთვის, ის აჭარა დამენახებინა, რომელიც აქამდე ასე არ იყო წარმოჩენილი“, - აღნიშნა ველიაძემ.

ლაშა ველიაძე ასევე ამბობს, რომ მცირე აუდიტორიითაც შეძლო პროექტში საკუთარი ნიშის დაკავება და მიღებული შედეგით კმაყოფილია.

"ძალიან ცოტა გამომწერით დავიწყე, ბიჭებს ახლა უფრო დიდი გვერდები აქვთ. არ ვარ უკმაყოფილო შედეგით და გამოხმაურებით. პირიქით, ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ, რომ ძალიან პატარა აუდიტორიით მოვახერხე, ეს რაღაც ნიშა დამეტოვებინა ამ პროექტში“, - განაცხადა ველიაძემ.