02 ნოე 2026
შავი ზღვის მნიშვნელობაზე, მისი დაბინძურების პრევენციის, უკანონო თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვით საკითხებზე, გადაცემაში "შეხვედრის დრო“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და აკვაკულტურის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა რამაზ მიქელაძემ ისაუბრა.
რამაზ მიქელაძემ განაცხადა, რომ შავი ზღვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ბუნებრივი სიმდიდრეა. ის არა მხოლოდ ტურიზმისა და ეკონომიკის მნიშვნელოვანი რესურსია, არამედ უნიკალური ეკოსისტემაც, რომლის დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა.
"შავი ზღვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ბუნებრივი სიმდიდრეა, რომლის დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. ადამიანის ანთროპოგენული ზემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია წყალში სხვადასხვა დამაბინძურებელი ნივთიერების მოხვედრა. კვლევებში კვლავ ფიქსირდება ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა აზოტისა და ფოსფორის ნაერთები, რომლებიც წყალში სხვადასხვა სახის ნარჩენებიდან ხვდება. საბოლოოდ, ეს ნივთიერებები შავ ზღვაში ჩაედინება.
პრობლემა ის არის, რომ ამ ბიოგენური ელემენტების ნაწილი ევტროფიკაციის პროცესს იწვევს, რაც წყალში წყალმცენარეების მასობრივ გამრავლებას განაპირობებს. წყალმცენარეების ჭარბი ზრდა კი ამცირებს წყლის სიღრმეში სინათლის შეღწევას. მათი დაშლის პროცესში დიდი რაოდენობით ჟანგბადი იხარჯება, რაც წყალში ჟანგბადის დეფიციტს და ზოგჯერ უჟანგბადო გარემოს წარმოქმნას იწვევს. ეს პროცესები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და სერიოზულ საფრთხეს უქმნის შავი ზღვის ეკოსისტემას.
მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. წლების განმავლობაში მოსახლეობა ნარჩენებს მდინარის ნაპირებზე ყრიდა, რის გამოც მდინარის ადიდების დროს ნაგავი წყალს მიჰქონდა და საბოლოოდ ზღვაში ხვდებოდა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ნარჩენების მართვისა და გატანის ლოგისტიკა იყო. როგორც კი ეს საკითხი მოწესრიგდა და მოსახლეობამ დაინახა, რომ ნარჩენების შეგროვება და გატანა სისტემურად ხდებოდა, დამოკიდებულებაც შეიცვალა. ამ პრობლემის შესახებ საინფორმაციო კამპანიამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. დღეს ასეთი ტიპის დაბინძურება, ფაქტობრივად, აღარ გვხვდება.
მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა ქალაქის ინფრასტრუქტურას უკავშირდებოდა. წლების განმავლობაში ქალაქში საკანალიზაციო სისტემა სათანადოდ არ ფუნქციონირებდა. გერმანიის ფედერალური გრანტის დახმარებით, საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო. მანამდე ქუჩებიდან ჩამონადენი წყალი და საკანალიზაციო ნარჩენები პირდაპირ მდინარეებსა და ზღვაში ხვდებოდა. ეს განსაკუთრებით მწვავე პრობლემა იყო 80-იან და 90-იან წლებში.
დღეს საკანალიზაციო სისტემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ჩამდინარე წყლების ნაწილი გამწმენდ ნაგებობაში ხვდება, საიდანაც გაწმენდილი წყალი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 100 მეტრზე ჩაედინება. ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 80-90 პროცენტი საკანალიზაციო სისტემით არის მოცული, თუმცა გარკვეული ნაწილისთვის ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია,''- განაცხადა რამაზ მიქელძემ.