02 ნოე 2026
უკვე ღიმილისმომგვრელიც აღარ არის პროცესების განვითარება და ის გამოხმაურებები, რომლებსაც ევროპაში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით ვისმენთ. აბსოლუტურად იდენტური სცენარია, იდენტური განვითარება, იდენტური აქტივობები, თუმცა განსხვავებულია შეფასებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, საქართველოშიც ზუსტად იგივე ვითარება იყო, როდესაც ძალადობის გამოყენებით პოლიტიკური სიტუაციის შეცვლას ცდილობდნენ – თავს ესხმოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და სახელმწიფოს წარმომადგენლებს, პოლიციელების წინააღმდეგ კი, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს იყენებდნენ.
„ამ ადამიანებს თავისუფლებისთვის მებრძოლებს უწოდებდნენ, მაშინ, როდესაც საკუთარ ქვეყნებში მსგავს მოვლენებს პოლიციელის მკვლელობის მცდელობად და ძალადობად აფასებდნენ. რაც მთავარია, ყველა მათგანს უმკაცრესი რეაგირებით ემუქრებოდნენ. ერთი მხრივ, უკვე ყველასთვის ნათელია ის სიმართლე, რომლითაც საქართველო მოქმედებდა, ხოლო მეორე მხრივ, აშკარაა ის სიყალბე, რომლითაც ზოგიერთი უცხოელი საქართველოს მიმართ მოქმედებდა. საზოგადოება დარწმუნდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ერთი მიზნით მოქმედებდა – აღეკვეთა ძალადობა საქართველოსა და ქართულ ქუჩებში და არ დაეშვა დაპირისპირება. ამიტომ, ჩვენი აზრით, არანაირი მორალური თუ პოლიტიკური ავტორიტეტი არ აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოს ცილს სწამებდნენ და აცხადებდნენ, თურმე ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა იყო“, – განაცხადა მახაშვილმა.
მისივე თქმით, შეუძლებელია, ერთი და იგივე მოვლენა ევროპაში დემოკრატიის პროგრესად ფასდებოდეს, საქართველოში კი – დემოკრატიის უკუსვლად.
„ევროპაში იმავე მიზნით მიღებული კანონები დემოკრატიის დაცვის ფარად მიიჩნეოდეს, საქართველოში კი – დემოკრატიისთვის საფრთხედ. კარგად ჩანს საქართველოს სიმართლე და უცხოელების სიყალბე. ჯანსაღი პროცესი რომ იყოს, არსებულ რეალობას საქართველოს მიმართ პოლიტიკური დამოკიდებულებები უნდა შეეცვალა. თუმცა არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამის შემდეგ ზოგიერთი ევროპარლამენტარისა თუ სხვა პოლიტიკოსის განცხადებები საქართველოს მიმართ შეიცვლება, ან თუნდაც ქვეყანას ბოდიშს მოუხდიან. მარტივი მიზეზის გამო – ეს პროცესი კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგით არის ნაკარნახევი და სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს გაშავება, დაჩაგვრა და მასზე პოლიტიკური ზეწოლა. არ გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი ბოდიშს მოიხდიან, მაგრამ მთავარია, რომ ქართული საზოგადოება ხედავს როგორც ქართულ სიმართლეს, ისე უცხოელების სიყალბეს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.