რატი იონათამიშვილი: ევრობიუროკრატების მიმართ კრიტიკა უკვე ევროპის დიდ ქალაქებში ისმის, მათ შორის ორმაგი სტანდარტების თვალსაზრისით, ისინი უსამართლო მიდგომით გამოირჩეოდნენ საქართველოს მიმართაც

02 ნოე 2026

საფრანგეთის ყველაზე პოპულარული და რეიტინგული პარტიის ლიდერი ევროკომისიის ხელმძღვანელს ორმაგ სტანდარტებში პირდაპირ ადანაშაულებს, რაც შემთხვევითი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის საინტერესო პროცესის დასაწყისი.

„ევრობიუროკრატების მიმართ ხმამაღლა კრიტიკა უკვე ევროპის შუაგულში და ყველაზე დიდ ქალაქებში ისმის, მათ შორის ორმაგ სტანდარტში მოქმედების თვალსაზრისით. ამის მაგალითი ნამდვილად არის ვარშავაში მიმდინარე პროცესები. „სახალხო პარტიის“ მიმართ ორმაგ სტანდარტებს აქაც ვხედავთ. ეს ის ე.წ. პოლიტიკური ჯგუფია, რომელიც უსამართლო მიდგომით გამოირჩეოდა საქართველოს მიმართ, მათ შორის სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამით შეურაცხყოფას აყენებდნენ ქვეყნის მოქალაქეებს. ფაქტია, ამ ადამიანებს არც დემოკრატია და არც ევროპული ღირებულებები აინტერესებთ, არც საქართველოში და არც ევროპაში, მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილება ადარდებთ. სამწუხაროა, რომ დღეს ევროპული ინსტიტუტები ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც გამოირჩევიან სწორედ არა ევროპული ღირებულებების გადაწყვეტილებების მიღებით, არამედ ორმაგი სტანდარტით“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, ჯორდან ბარდელამ განაცხადა: „ქალბატონ ფონ დერ ლაიენის ევროკომისიას კანონის უზენაესობის მიმართ შერჩევითი მიდგომა აქვს, თვალს ხუჭავს ძალისმიერ მეთოდებზე, როდესაც მათ „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელი ლიდერები მიმართავენ“.