ბათუმში, გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის 21-ე საერთაშორისო ფესტივალი 5, 6 და 7 ნოემბერს გაიმართება

02 ნოე 2026

ბათუმში, გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის 21-ე საერთაშორისო ფესტივალი 5, 6 და 7 ნოემბერს გაიმართება. პროგრამაში ქართველი და უცხოელი შემსრულებლების კონცერტები და სამეცნიერო კონფერენციაა გათვალისწინებული. ამის შესახებ გადაცემა "ახალ დილაში" ფესტივალის ორგანიზატორმა ხათუნა მანაგაძემ ისაუბრა.

"მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან ეთნომუსიკოლოგები, რომლებიც წარმოადგენენ საინტერესო, უახლეს კვლევებს, როგორც თავიანთი ეროვნული კულტურის, ასევე, სხვათა შორის, ქართული ხალხური მუსიკის ირგვლივ და ეს, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მანაგაძემ.

ფესტივალში მონაწილეობენ ბათუმის „არსიანი“, ბოლნისის „ორბელი“, თბილისის „მარგალიტი“, სვანური ტრიო „დები ჩამგელიანები“, ეთნომუსიკის თეატრი „მთიები“, ლიეტუვის ანსამბლი, დიდი ბრიტანეთის „მასპინძელი“ და პოლონური ტრიო „უსახელო“.

"პირველი დღე იქნება ყველა ანსამბლის ერთგვარი პრეზენტაცია. ფესტივალს გახსნის ბათუმის ცნობილი „არსიანი“,  რომელთანაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს ფესტივალს. მეორე დღე მთლიანად დაეთმობა გარაყანიძეების ოჯახის ისტორიას და იქნება „მთიების“ კონცერტი. მესამე დღეს, ფინალური  დაჯილდოება გაიმართება“,  -განმარტა ხათუნა მანაგაძემ.

ორგანიზატორის თქმით, ფესტივალი ახალგაზრდების დაინტერესებასაც უწყობს ხელს.

"ძალიან ბევრი ახალგაზრდული ანსამბლი არსებობს და ეს მართლა საინტერესო ამბავია. თუ გადახედავთ მგალობლებსაც ეკლესიაში, სულ ახალგაზრდები არიან. მნიშვნელოვანია, რომ ისინი ცდილობენ ტრადიციული საგალობლები დაამკვიდრონ ეკლესიის კედლებში," -აღნიშნა ორგანიზატორმა.

ფესტივალის კონცერტები ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში, 5, 6 და 7 ნოემბერს, 18:30 საათზე გაიმართება. დაგეგმილია ორი გასვლითი კონცერტიც: ანსამბლი „მარგალიტი“ ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში წარდგება, ხალხური ხელოვნების სკოლა კი ლიეტუველ სტუმრებს უმასპინძლებს.