გორის სამუსიკო კოლეჯს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

02 ნოე 2026

გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში დაგეგმილი კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ კოლეჯის დირექტორისგან ნადეჟდა მანჯავიძისგან მოისმინა.

გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, სულხან ცინცაძის სახელის კოლეჯი ათწლეულების განმავლობაში ემსახურება ქართული მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნებასა და პროფესიონალი მუსიკოსების აღზრდას.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სამუსიკო კოლეჯის შენობაში დაგეგმილია ინტერიერისა და ფასადის აღდგენა; საკონცერტო დარბაზის განახლება; ინკლუზიური გარემოს სრული უზრუნველყოფა, რათა მუსიკალური განათლება თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის.

კოლეჯში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.