02 ნოე 2026
თურქეთში, ინეგოლის მუნიციპალიტეტის 20 ქართულ სოფელში მცხოვრები ქართველები დღემდე საუბრობენ ქართულად და ინარჩუნებენ წინაპრების ტრადიციებს. ქართული კულტურისა და იდენტობის შენარჩუნებას ემსახურება ინეგოლის ქართული კულტურისა და ფოლკლორის ასოციაციაც, რომელიც 50 წელია მოქმედებს.
ასოციაციის თავმჯდომარე, ჩვენებურების შთამომავალი რეჯებ ქუფჩუოღლუ-დავითაძე გადაცემა "ახალი დილის" სტუმარი იყო.
როგორც ინეგოლის ქართული კულტურისა და ფოლკლორის ასოციაციის თავმჯდომარემ, რეჯებ ქუფჩუოღლუ-დავითაძემ აღნიშნა, თურქეთში, ინეგოლის მუნიციპალიტეტის 20 ქართულ სოფელში მცხოვრები ქართველები დღემდე ინარჩუნებენ წინაპრების ტრადიციებს, დედაენასა და კულტურას.
"მე შუახევის სოფელ ტბეთიდან ვარ, დავითაძე. ინეგოლში მცხოვრები ქართველების უმეტესობა ოსმალეთ-რუსეთის ომის დროს წასული მუჰაჯირების შთამომავალია. იქ 20 ქართული სოფელია. ჩემი ნათესავები ინეგოლში ცხოვრობენ, თუმცა მეც ხშირად ჩამოვდივარ საქართველოში, სოფელში, ნათესავებთან. თურქეთში ვცხოვრობ, მაგრამ გულით, სულითა და სიყვარულით აქ ვართ, ჩვენი ფესვები აქ არის," - ამბობს რეჯებ ქუფჩუოღლუ-დავითაძე.
მისი თქმით, საქართველოში პირველად 2008 წელს ჩამოვიდა. შეხვედრა ნათესავებთან განსაკუთრებით ემოციური იყო, რადგან ოჯახებს ერთმანეთი ათწლეულების განმავლობაში არ ენახათ. მის ოჯახში დღემდე ინახება დაახლოებით 150 წლის აკვანი, რომელიც წინაპრებმა მუჰაჯირობის დროს საქართველოდან წამოიღეს. ოჯახს სურს, ეს ისტორიული ნივთი მუზეუმს გადასცეს.
"ჩვენთან, 20 სოფელში, ყველა ქართულად გაიზარდა, ქართული წესებითა და კულტურით. ახლა ასოციაციის თავმჯდომარე ვარ და 17 წევრთან ერთად ვცდილობ, ახალგაზრდებმა ჩვენი კულტურა და დედაენა ისწავლონ და არაფერი დაიკარგოს. გვაქვს ქართული ენის, აკორდეონის, დოლისა და ფანდურის კურსები, ცეკვის ჯგუფებიც. პატარებიდან უფროსებამდე სამი ჯგუფი გვყავს," - აღნიშნავს რეჯებ ქუფჩუოღლუ-დავითაძე.
50 წლის განმავლობაში ასოციაციამ ინეგოლში 26 ფესტივალი ჩაატარა. ორგანიზაციაში მოქმედებს ცეკვის ანსამბლი "ჩვენებურები“ და მომღერალთა ჯგუფი "რირაში“.
"ჩვენი წინაპრები გვასწავლიდნენ, რომ კულტურა არ დაგვავიწყდეს, ცეკვა, ენა, ყველაფერი. ფესტივალებზე უამრავი ადამიანი მოდის. თურქეთში იციან, რომ ინეგოლი პატარა საქართველოა. გვინდა, რომ 10, 20, 40 და 100 წლის შემდეგაც შენარჩუნდეს ეს კულტურა“, - ამბობს რეჯებ ქუფჩუოღლუ-დავითაძე.
მისი თქმით, ინეგოლელი ქართველებისთვის მნიშვნელოვანია. ასოციაცია ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის საქართველოს სახელმწიფოსგან მხარდაჭერას იღებს, თუმცა მთავარ საკითხად თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას მიიჩნევს.
"პირველ რიგში, გვინდა, რომ ჩვენ, თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმა, მოქალაქეობა მივიღოთ. ჩვენი ფესვები აქაა, ეს ჩვენი მიწაა. მეც არ მაქვს მოქალაქეობა. გვინდა, რომ ხალხი ჩამოვიდეს, აქ ქონება ჰქონდეს და ეკონომიკური საქმიანობა განავითაროს“, - განაცხადა მან.
რეჯებ ქუფჩუოღლუ-დავითაძის თქმით, ინეგოლში ქართული კვალი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ჩანს. არაერთ ბიზნესს, ავეჯის საწარმოსა და მაღაზიას წინაპრების ქართული სახელები ჰქვია.