ლონდონში, "Palestine Action"-ის მხარდამჭერ აქციაზე, 325 ადამიანი დააკავეს

01 ნოე 2026

ლონდონში, აშშ-ის საელჩოსთან, აკრძალული ორგანიზაციის - „Palestine Action"-ის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე 325 ადამიანი დააკავეს. 

ინფორმაციას BBC ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების განცხადებით, დაკავებულთაგან 320 პირს ბრალი ედება ტერორიზმის შესახებ კანონის საფუძველზე აკრძალული ორგანიზაციის მხარდაჭერის გამოხატვაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გუშინ, ლონდონის ნაინ ელმსის (Nine Elms) რაიონში ასობით ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერებით, მათ შორის: „მე ვეწინააღმდეგები გენოციდს, მხარს ვუჭერ "Palestine Action-ს“. პოლიციამ მათი დაკავება დღეს დაადასტურა.

BBC-ის ცნობით, ამ დროისთვის ორგანიზაცია"Palestine Action"-თან დაკავშირებულ საქმეებზე დაკავებულთა საერთო რაოდენობამ 4 000-ს გადააჭარბა. ორგანიზაცია აკრძალულად 2025 წლის ივლისში გამოცხადდა.

გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლო, ტერორიზმის შესახებ კანონმდებლობის ფარგლებში, ორგანიზაციის აკრძალვის კანონიერებას განიხილავს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ორგანიზაციის თანადამფუძნებელს საჩივრის შეტანის უფლება მიეცა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სააპელაციო საჩივარს მტკიცედ დაუპირისპირდება.