შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა

01 ნოე 2026

შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა.

მედიის ცნობით, ციურიხისა და ბაზელის ქუჩებში არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

მათივე ინფორმაციით, აქტივისტების ნაწილს ჰელოუინის ნიღბები ეკეთა.

როგორც მედია წერს, ციურიხში აქციის მონაწილეთა ნაწილმა პოლიციელების მიმართ ფოიერვერკები გამოიყენა და ქუჩებში ურნები დაწვა, რასაც სამართალდამცველებთან შეტაკება მოჰყვა. ამასთან, მომიტინგეებმა დააზიანეს ავტობუსის გაჩერების სახურავები, ველოსიპედებისა და სხვა ნივთებისგან კი ბარიკადები აღმართეს. პოლიციამ მათ დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

რა შეეხება ბაზელს, ქალაქში ზოგიერთმა მომიტინგემ ცეცხლი წაუკიდა ნაგვის ურნებს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

შვეიცარიაში აქციის მონაწილეები, ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, საცხოვრებელი ხარჯების გაძვირებას აპროტესტებენ და განათლების სფეროს რეფორმირებას ითხოვენ.