საფრანგეთში მოსწავლეთა ორგანიზაცია 2 ნოემბრიდან საშუალო სკოლების ბლოკირების მოწოდებით გამოდის

01 ნოე 2026

საფრანგეთში მოსწავლეთა ორგანიზაცია Les Lycéens! 2 ნოემბრიდან, საშუალო სკოლების ბლოკირების მოწოდებით გამოდის.

ორგანიზაციის ლიდერმა, პიერ სურზამ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ორკვირიანი არდადეგების დასრულების შემდეგ მოსწავლეები საპროტესტო აქციებს განაახლებენ. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ კვირის დასაწყისში გამოცხადებული ნაბიჯები ახალგაზრდების უკმაყოფილების შესამცირებლად საკმარისი არ არის.

„რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ სკოლების ბლოკირებისკენ. სკოლების ბლოკირება ორშაბათიდან დაიწყება“, — განაცხადა სურზამ.

მისივე განმარტებით, საპროტესტო მოძრაობა უფრო ფართო მასშტაბს სამშაბათიდან მიიღებს.

მანამდე მოსწავლეთა პროფკავშირმა, USL-მა და სტუდენტურმა გაერთიანებამ ახალგაზრდებს სამშაბათს, 3 ნოემბერს სკოლებისა და უნივერსიტეტების ბლოკირებისკენ მოუწოდეს. მომდევნო აქციები დაგეგმილია ხუთშაბათს, 5 ნოემბერსაც, როდესაც საფრანგეთში სხვადასხვა პროფესიული სექტორის თანამშრომელთა გაფიცვაა დაანონსებული.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის მშვიდ ვითარებაში განახლებისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ ახალგაზრდების მოთხოვნები გაითვალისწინა.