31 ოქტ 2026
რეჟისორმა, "ოქროს გლობუსის" სპეციალური ჯილდოს მფლობელმა, ლევან კოღუაშვილმა "ახალ დილაში" ფილმ „გურიას“ გადაღების ისტორიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის გურია სულიერადაც განსაკუთრებული კუთხე გახდა.
"გურიაში გიორგი კეკელიძემ ჩამიყვანა, გავიცანი ხალხი, ვრჩებოდი, მივდიოდი, მოვდიოდი და საკმაოდ დიდი დრო გავატარე იქ. ბევრი მეგობარი შევიძინე. მიყვარს გურიაში ჩასვლა და ეს კუთხე ჩემთვის რაღაცნაირად სახლივით გახდა...იქ ძალიან ნიჭიერი, ნაკითხი, სიღრმისეული ხალხი ცხოვრობს", - ამბობს რეჟისორი და დასძენს, რომ გურიაში, ღრმა იუმორთან ერთად, საკმაოდ დიდი სევდაც არის, რადგან დღეს ეს ულამაზესი კუთხე დაცლილია.
თუმცა, როგორც კოღუაშვილი აცხადებს, კინოს უხდება სევდისა და იუმორის თანხვედრა, თხრობის მსუბუქი სტილი და განწყობების მონაცვლეობა.
"ფილმი „გურია“ ქართული ცხოვრების ამბავია, რომლის მოქმედებაც გურიაში ვითარდება. ფილმში თავად გურულები მონაწილეობენ. ისტორიები გურულების მონაყოლი ამბებიდან ავიღე, რომლებსაც სცენარის შექმნამდე ვიწერდი, ვაგროვებდი ფოტოებსა და სხვადასხვა მასალასაც", - აღნიშნა რეჟისორმა გადაცემაში.