პოლონეთში, საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან დანით შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს

31 ოქტ 2026

პოლონეთში, საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან დანით შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

ვარშავის პოლიციამ დაადასტურა, რომ დაახლოებით დილის 11:00 საათზე, საკონსტიტუციო ტრიბუნალის წინ შეკრების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შენიშნა მამაკაცი, რომელსაც სახე დაფარული ჰქონდა. მათივე თქმით, 30 წლის მამაკაცმა გაქცევა სცადა, რა დროსაც ის დააკავეს.

პოლიციამ დაკავებული განყოფილებაში გადაიყვანა, დაწყებულია გამოძიება.

ცნობისთვის, პოლონეთში კრიზისი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე კონტროლის მოსაპოვებლად ბრძოლას უკავშირდება. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრიბუნალის მოსამართლემ, ანა კორვინ-პიოტროსკამ, როგორც უწყებაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე მოსამართლემ, წინა ხელისუფლების დროს, „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ მმართველობის პერიოდში დანიშნული ტრიბუნალის თავმჯდომარე ბოგდან შვეჩკოვსკი და მისი მოადგილე ბართლომეი სოხანსკი ერთი თვით თანამდებობიდან გადააყენა და ეს სიახლე უწყების ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

გუშინ ღამით პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან მისული პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის კორტეჟს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. პოლიცია ცდილობდა, საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში არც პრეზიდენტი და არც ოპოზიციური „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ წარმომადგენლები შეეშვა. შეტაკება იყო პოლიციასა და დემონსტრანტებს შორისაც. საბოლოოდ ნავროცკიმ სასამართლოს შენობაში შესვლა შეძლო.

ამასთან, პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალთან განვითარებული მოვლენების გამო კაროლ ნავროცკი პარლამენტის წარმომადგენლებთან სასწრაფო კონსულტაციებს იწვევს.