აშშ-სა და ირანს შორის ომის ახალი ესკალაცია შესაძლოა უფრო დამანგრეველი აღმოჩნდეს და მასშტაბური შედეგები მოჰყვეს - ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი

31 ოქტ 2026

აშშ-სა და ირანს შორის ომის ახალი ესკალაცია შესაძლოა უფრო დამანგრეველი აღმოჩნდეს და მასშტაბური შედეგები მოჰყვეს - აცხადებს ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მინისტრმა ეს განცხადება ბაჰრეინში, უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ სამიტზე გააკეთა. „მეორე რაუნდი უფრო სახიფათო და დამანგრეველი იქნება, თანაც - უშედეგო. წარსულიდან უნდა ვისწავლოთ" -  აღნიშნა მან. 

ივნისში მიღწეულმა დროებითმა შეთანხმებამ ვერ უზრუნველყო ხანგრძლივი ზავი ირანთან დაკავშირებულ კონფლიქტში და ვერც ჰორმუზის სრუტეში ნორმალური საზღვაო მიმოსვლა აღადგინა.

 მას შემდეგ ირანმა ვაშინგტონს შესთავაზა, რომ აშშ-მა მოხსნას ირანული პორტების ბლოკადა, სანაცვლოდ კი თეირანი შვიდი დღის ვადაში აღადგენს საზღვაო მიმოსვლას, რომელიც ამჟამად შეფერხებულია.

 პარასკევს თეირანში შეთანხმების მიღწევის მიზნით კატარელი შუამავლები დაბრუნდნენ.

თუმცა, მხარეებს შორის კვლავ უთანხმოებაა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა იყოს პრიორიტეტული - ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები თუ ბლოკადისა და ნავთობთან დაკავშირებული სანქციების მოხსნა.