30 ოქტ 2026
საკონსტიტუციო სასამართლოში „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებების მოსმენა დასრულდა.
ამ წუთებში პლენუმი პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრს, ბერდია სიჭინავას უსმენს.
მოპასუხე მხარე ცდილობს, პლენუმი სარჩელის არაკონსტიტუციურობაში დაარწმუნოს. მათ რამდენჯერმე მიიღეს შენიშვნა, რომ ტრიბუნა პოლიტიკური განცხადებებისთვის არ გამოეყენებინათ.
„მოვისმინეთ ძალიან ბევრი ტყუილ-მართალი ერთმანეთში აღრეული. ბუნებრივია, ჩვენ დეტალურად აღვწერთ და აღვრიცხავთ მათ პოზიციებს, რასაც, რასაკვირველია, სათანადო პასუხი გაეცემა, უპირველესად, პროცესის მიზნებიდან გამომდინარე, თავად სასამართლო სხდომის დარბაზში. ჩვენ წინ გვაქვს შესაბამისი ეტაპები.
აქ მხოლოდ ერთი შეიძლება ითქვას ძალიან მკაფიოდ: რაც უფრო მეტს საუბრობს მოპასუხე მხარე, მით უფრო ამყარებს იმ კონსტიტუციურ ბრალდებას, რომელიც ჩვენს სარჩელშია წარმოდგენილი. მთელი ამ დღეების განმავლობაში მათ მიერ ტირაჟირებული ნარატივი, პროცესის მსვლელობის კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, შემდგომში კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ის, რასაც ვედავებით და რაც შეიძლება მათი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი გახდეს, ფაქტობრივად, თავადვე აქვთ აღიარებული“, – აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.