ბათუმის საკრებულომ 20 საკითხი განიხილა - ცვლილებები პარკირების წესებში და ახალი სამშენებლო ნებართვები

30 ოქტ 2026

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე 20 საკითხი განიხილეს. ყველა საკითხმა საკრებულოს წევრების მხარდაჭერა მოიპოვა, მათ შორის, საკითხების დიდ ნაწილს საკრებულოს სრულმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

განხილულ საკითხებს შორის იყო მუნიციპალური ქონების პრივატიზება, მიწის ნაკვეთების სარგებლობის უფლებით გაცემა და მსხვილი სამშენებლო ობიექტებისთვის ნებართვების გაცემა. გმირთა ხეივანში, საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის ქვეშ მდებარე ფართების მოიჯარეებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი გადახდის ვადა 2026 წლის 1 დეკემბრამდე გადაუვადდათ.

რამდენიმე მისამართზე განისაზღვრა სიმაღლის კოეფიციენტი და გაიცა მშენებლობის ნებართვები. მათ შორისაა მამია ვარშანიძის, ადლიის, გრიგოლ ლორთქიფანიძისა და გრიგოლ ელიავას ქუჩები, აეროპორტის გზატკეცილი და ანგისის დასახლება.

საკრებულომ ცვლილებები შეიტანა ბათუმში პარკირების წესებშიც. განისაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სპეციალური საცნობი ნიშნის გაცემისა და გამოყენების წესი, ასევე QR კოდის საშუალებით მისი გადამოწმებისა და დარღვევების მონიტორინგის მექანიზმები.

საკრებულომ მხარი დაუჭირა კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა №17-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე გამორჩეული ბათუმელი მხატვრისა და არქიტექტორის, ალბერტ წილოსანის მემორიალური დაფის განთავსებას.