ირაკლი კობახიძე: აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებული კანონპროექტს რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არსებულ რეგულაციებში არ შეაქვს, საუბარია საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე

30 ოქტ 2026

მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირის ჩასატარებლად პარლამენტში დამტკიცებულ კანონს ეხებოდა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი და მას არსებულ რეგულაციებში რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ შეაქვს.

„სინამდვილეში, ამ კანონპროექტს არავითარი განსაკუთრებული სიახლე არ შემოაქვს. საუბარია კონკრეტული ტიპის ტურნირებზე, მაგალითად, პოკერის ტურნირზე, რომელიც საერთაშორისო სპორტულ არხებზე გადაიცემა. საუბარია კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე. შესაბამისად, აქ არ შემოდის არავითარი განსაკუთრებული ცვლილება. ფართო დისკუსია საერთოდ არ იყო საჭირო ამ საკითხთან დაკავშირებით. მე თვითონ, მაგალითად, საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში, იმდენად უმნიშვნელოა ეს ცვლილება თავისი შინაარსით.

ლობისტი ყველა კანონს შეიძლება ჰყავდეს. თუ დიდი ფული შეიძლება სადმე შემოვიდეს, საბოლოოდ ის სახელმწიფო ბიუჯეტში შევა. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ.

რაც შეეხება ლობისტებს, რეალურად, ამ კანონპროექტს ლობისტები კი არ ჰყავს, არამედ ინიციატორები ჰყავს. კიდევ ერთხელ, ეს არ არის რაიმე არსებითი ცვლილება. მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ამის შესახებ მას შემდეგ გავიგე, რაც კანონპროექტი დაინიცირდა და კონკრეტული განცხადებები გაკეთდა. იმიტომ არ ვიცოდი, რომ ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი. მას არსებულ რეგულაციებში რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ შეაქვს“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.